მამუკა ბახტაძის შეფასებით, დიდი შეცდომაა, მათ შორის მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, რომ ამ თემაზე შესაბამისი და სწორი აქცენტი არ ისმებოდა.
„დიდხანს ემზადებოდა ოკუპანტი ქვეყანა ამისთვის და ეს სამწუხაროდ ძალიან ხილული იყო. ისინი, ვინც ამ თემაზე სპეკულირებენ, აზიანებენ ჩვენო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე, 90-იანი წლების დასაწყისში. ყველამ უნდა გამოიტანოს დასკვნები. მინდა, მოსახლეობას მივმართო, ოკუპაციასთან ბრძოლაში მშვიდობას და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის გზა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს სანუკვარ მიზნამდე და მოვახდენთ საქართველოს სრულ დეოკუპაციას“, – აღნიშნა პრემიერმა.
ბახტაძის თქმით, საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი, რომელიც ყველას უნდა აერთიანებდეს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა.
„ეს არის საერთო ეროვნული ტკივილი, საერთო ეროვნული გამოწვევა და მე დარწმუნებული ვარ, საქართველო აუცილებლად დაძლევს ოკუპაციას. დღევანდელი დღე არის დიდი ტკივილი, მოუშუშებელი იარა. ქედს ვიხდი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. ამავე დროს, დღევანდელი დღე არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი ერის კონსოლიდაცია, მუხლჩაუხრელი შრომა, იმ მიზნების მიღწევა, რაც არის დაგეგმილი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების თანადგომა იქნება გარანტია იმისა, რომ მშვიდობით და განვითარებით ჩვენ აუცილებლად დავძლევთ რუსულ ოკუპაციას და საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. ოფიციალური მონაცემებით 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ შეადგენს 2 232-ს. მათ შორის, 1045 პირი წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეს. აგვისტოს ომში ყველაზე მეტი (271 პირი) დაიჭრა/დაშავდა IV მექანიზირებული ბრიგადის შემადგენლობიდან. II ქვეით ბრიგადაში დაშავდა 251 სამხედრო მოსამსახურე.