„ჩვენ გვახსოვს 11 წლის წინ მომხდარი ტრაგიკული მოვლენები. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით, მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ უხეშად დაარღვია ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებები, დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ქართულმა ძალებმა ცხინვალში მასიური საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, ისინი ერთნაირად უტევდნენ სამხედრო ობიექტებსა და საცხოვრებელ კორპუსებს. იერიში იქნა მიტანილი რუსი მშვიდობისმყოფელების ბანაკზე. მათგან ათი დაიღუპა. სულ დაიღუპა 48 რუსი სამხედრო მოსამსახურე და დაშავდა - 162
ცხინვალის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია სრულიად არაპროვოცირებული იყო. ეს აშკარა ფაქტი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა, კერძოდ, კავკასიის კონფლიქტის მიზეზების გამოძიების საერთაშორისო კომისიის დასკვნაში, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის ეგიდით, შვეიცარიის წარმომადგენლის ჰ. ტალიავინის ხელმძღვანელობით და რომელიც 2009 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდა.
სამხრეთ ოსეთზე თავდასხმამ, აფხაზეთის წინააღმდეგ მსგავსი მოქმედების მომზადებამ, რომელიც ამ ხალხის მიმართ თბილისის მრავალწლიანი ძალადობრივი პოლიტიკის კულმინაციას წარმოადგენდა, ოსებსა და აფხაზებს არ დაუტოვა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ თავიანთი უსაფრთხოება და არსებობის უფლება თვითგამორკვევის გზით, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ისე უზრუნველყოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რა დროსაც მან გაეროს წესდების დებულებებითა და სხვა საერთაშორისო ფუნდამენტური დოკუმენტებით იხელმძღვანელა.
„შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ როგორც აფხაზეთი, ისე სამხრეთ ოსეთი შედგა როგორც სუვერენული სახელმწიფო. ორივე რესპუბლიკა ფლობს სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტს, მათ შორის, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ეფექტურად მუშაობის სისტემებს, აკონტროლებს საკუთარ ტერიტორიას, ავითარებს ეროვნულ ეკონომიკას, კულტურას და აქტიურად არის დაკავებული სამართლებრივი საზოგადოების მშენებლობაში.
რუსეთის ფედერაცია აქტიურად თანამშრომლობს სამხრეთ საკვასიის ახალგაზრდა რესპუბლიკებთან, რა დროსაც მათ აძლევს მასშტაბურ ფინანსურ დახმარევას, მათ შორის, საინვესტიციო პროგრამების ფარგლებში, ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარევას. რუსეთის პოლიტიკა არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და მიზნად ისახავს პარტნიორებთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებას, ნდობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას.
სამწუხაროა, რომ ვერც საქართველომ და ვერც დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოში კავკასიაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს. იმის მაგივრად, რომ გამოეჩინათ ძალისხმევა წარსულის ტვირთის გადასალახად და ხელი შეეწყოთ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას, ოფიციალური თბილისი და მისი დასავლელი პარტნიორები ახორციელებენ ანტირუსულ ისტერიას, რეგიონის იარაღით ავსებას და საქართველოს ნატო-სკენ უცერემონიოდ გაქაჩვას.
ეს ყველაფერი ჩიხს ქმნის და ხელს არ უწყობს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარებას.
თავის მხრივ რუსეთი ყველა ძალისხმევას იყენებს იმისთვის, რომ დაამყაროს დიალოგი და სრულფასოვანი მოლაპარაკებების პროცესი ერთი მხრივ საქართველოს და მეორე მხრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის.
ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით იმას, რომ ამ პროცესში პირველი ნაბიჯი უნდა იყოს შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მხარეს და ასევე, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ სამხრეთ კავკასიაში დამყარებული ახალი გეოპოლიტიკური რეალობა აღიარონ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.