weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გახარიას ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ხელშეკრულებაზე ხალვაშის ხელმოწერა არ არის –კემულარია

12:47 პარასკევი, 09 აგვისტო 2019

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაასკვნა, რომ ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის ხელშეკრულებაზე, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, „რუსთავი 2“-ის საკითხზე მასსა და ხალვაშს შორის 2010 წელს, ბერლინში გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაცია მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა, კოტე კემულარიამ გაავრცელა.

„გიორგი გახარიას ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე თითქოს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის. ეს დასკვნა არის ნახევარგვერდიანი, ანუ ძალიან ზედაპირულად ექსპერტი წერს, რომ ასო ვ, ასო შ თურმე თავის დახრილობით და ნიუანსებით არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ ვაწყდებით ხალვაშის ექსპერიმენტულ ნიმუშებში და ეს იძლევა კატეგორიული დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ეს ხელმოწერა ხალვაშის მიერ არ არის შესრულებული“, – განაცხადა კემულარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ასეთი დასკვნები ინსტიტუტებს აყენებს დიდი დარტყმას.

„ეს არის იმ პოლიტიკური პროცესების გაგრძელება, რის გამოც არის დაკავებული ოქრუაშვილი, „რუსთავი 2“-ის ჩაქრობის სურვილის გამო. ამის გამოა ის დაპატიმრებული; ამას მოყვა ის, რომ დღეს „ტვ პირველს“ უტევენ“, – განაცხადა კემულარიამ.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მას ეკუთვნის. როგორც ოქრუაშვილი ამბობს, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო. ოქრუაშვილის თქმით, დოკუმენტზე ხალვაშის ხელმოწერა ექპერტიზის სამი დასკვნით, მათ შორის პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზის მიერ არის დადასტურებული.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის გია ზოდელაშვილის განმარტებით, შეთახმების მიხედვით, „რუსთავი 2“-ის წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეიძინა. მისივე თქმით, დოკუმენტში ხალვაში ადასტურებს, რომ წილზე საკუთრების უფლება ირაკლი ოქრუაშვილს აქვს და არა მას.

„ეს დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ ქიბარ ხალვაშს არ ჰქონდა უფლებამოსილება ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე განეხორციელებინა რაიმე მოქმედება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით და თუ ამ პირობას დაარღვევდა, ის ვალდებული იყო, რომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის გადაეხადა 7 მილიონი აშშ დოლარი ჯარიმის სახით“, – განაცხადა ოქრუაშვილის ადვოკატმა.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია კი აცხადებს, რომ დოკუმენტები, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ინტერესების დამცველები საუბრობენ, გაყალბებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]