weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნიკა გვარამიას საქმე შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს – არასამთავრობოები

18:06 პარასკევი, 09 აგვისტო 2019

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენა შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყოს.

პროკურატურამ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება 20 ივლისს დაიწყო, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მას ბრალს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წარუდგენენ, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გამოძიების ვერსიით, ყოფილი გენერალური დირექტორის ქმედების შედეგად „რუსთავი 2“-მა 6 763 510 ლარით იზარალა.

13 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ამ ეტაზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საქმის სრული შეფასების საშუალებას არ იძლევა, თუმცა ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, რომ საგამოძიებო ორგანოები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ ხელისუფლების ოპონენტებისა და იმ პირების მიმართ, რომლებსაც პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვთ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასთან.

„სამართალდამაცავების ქმედებები, როგორც წესი, ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას ემთხვევა. ცხადია, რომ პროკურატურა დაჩქარებულად და უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში მოქმედებს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და მას ბრალი წინა თვეში შეტანილი განცხადების საფუძველზე უკვე წარედგენა მაშინ, როდესაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ბევრი საქმე, რომელთა დაკავშირებითაც გამოძიების მსგავსი ოპერატიულობა არ შეიმჩნევა. ასევე,

გასათვალისწინებელია, რომ პროკურატურის გააქტიურება ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ემთხვევა. აღნიშნული გარემოებები გვაფიქრებინებს, რომ ეს საქმე შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს და მიზნად ოპონენტების და კრიტიკული მედიის დევნას ისახავდეს.

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, წარმოადგინოს კონკრეტული წონადი მტკიცებულებები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, იმოქმედოს კანონის და არა მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“, „საფარი“, „საზოგადოება და ბანკები“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „საქართველოს გაეროს ასოციაცია“ და „მედიის განვითარების ფონდი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]