„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გავხდი, აღვნიშნე, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის მოსაზრებებზე კომენტარს არასდროს გავაკეთებდი, მაშინაც კი, როდესაც ეს მოსაზრებები პერსონალურად შეურაცხმყოფელი გახლდათ.
თუმცა, მისმა სულ ბოლო ინტერვიუმ 2008 წლის ომის დროს დასავლეთთან მისი ურთიერთობების თაობაზე ყოველგვარი ზღვარი გადალახა და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებზე მოახდინა ზეგავლენა.
მე ერთმნიშვნელოვნად ვგმობ გამოთქმულ შეხედულებებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადება ამახინჯებს ისტორიას და ჩვენს პარტნიორებსა და ლიდერებს, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს გვერდში დგანან შეურაცხყოფას აყენებს.
ყოფილი პრეზიდენტისგან მსგავსი სახის ტყუილები და ფაქტების დამახინჯება უპასუხისმგებლო და მიუღებელ ქმედებას წარმოადგენს. ეს არის აშკარა მცდელობა საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობა დააზიანოს, ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპზე, ევროკავშირისა და ატლანტიკური ალიანსის მიმართ მიმავალ გზაზე.
ქართველი ხალხის სახელით, კვლავ გამოვხატავ ჩემი ქვეყნის უდიდეს მადლიერებას იმ ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ იქნა გამოხატული 2008 წლის ომის დაწყებამდე, მისი მსვლელობისას და დასრულების შემდეგ. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიბრძოლებ ნებისმიერი მსგავსი მცდელობის მიმართ, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ ურთიერთობებს აზიანებს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებებს, რომელიც მან „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. სააკაშვილმა თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი „ჯამბაზივით იქცეოდა და არაკომპეტენტური იყო. მისივე განცხადებით, სარკოზიმ ამერიკელები დიპლომატიური პროცესისგან ჩამოაშორა და ორმაგი თამაში ითამაშა.
„მოდით ვთქვათ, რომ ამ მისიის კარგი, პოზიტიური მხარე რუსეთისთვის ჯარის გაყვანის დავალდებულებაა, თუმცა მეორე მხრივ იმდენი ცუდი შედეგი მოჰყვა: ამერიკელების ჩამოშორება, რუსეთისთვის უსაფრთხოების ზონების მიცემა, მათთვის გარკვეული ლეგიტიმური როლის მინიჭება და სარკოზის საქციელის ყველაზე ცუდი ნაწილი კი ის იყო, რომ მან ეს შეთანხმება რამდენიმე თვეში დაივიწყა. მან ის მისტრალებში გაცვალა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აგვისტოს ომის პერიოდში გერმანიის პოზიციაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ „გერმანელებმა რუსებს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცეს“.
„საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების დეკემბრამდე გადადებაზე დათანხმებით, გერმანელებმა რუსებს, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთეს. ეს მეტ-ნაკლებად გარკვეული სახის გერმანულ-რუსულ თამაშს ჰგავს. რასაკვირველია, არ ვფიქრობ, რომ გერმანელებს ომი სურდათ, თუმცა მათ რუსეთს თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცეს იმისთვის, რაც ჩაიდინეს“, – აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.
როგორც მიხეილ სააკშვილი ამბობს, ახლა გაცილებით საღად უყურებს დასავლეთს და ფიქრობს, რომ „შეიძლება ძალიან ფარისევლობდნენ ხოლმე, ორმაგი სტანდარტები ჰქონდეთ“.