weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მამუკა ხაზარაძე ახალი მოძრაობის შექმნას სექტემბერში აპირებს

18:55 ორშაბათი, 12 აგვისტო 2019

„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ახალ მოძრაობას სექტემბერში დააფუძნებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ძლიერი ქვეყნის შექმნა მხოლოდ თავისუფალ, ახალგაზრდა, გულანთებულდა პროფესიონალი ადამიანების გაერთიანებას შეუძლია.

მამუკა ხაზარაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო, თუ გვინდა ძლიერი საქართველოს აშენება, უპირველეს ყოვლისა, ღირსება უნდა დავუბრუნოთ ხალხს – ეს გიორგი ჭყონდიდელის სიტყვებია. დღესაც სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ – ქართველი ადამიანის ღირსების დაბრუნებით.

ღირსება ხომ უპირველეს ყოვლისა თავისუფლებისთვის ბრძოლაა, სამშობლოს ერთიანობის და პიროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლა.

ღირსება, ესაა კერპების მსხვრევა, რადგან კერპს ან ამსხვრევ ან ემონები.

ღირსების აღდგენა მესიებზე უარის თქმაა, რადგან ღირსეული და თავისუფალი ადამიანი საკუთარ თავში ხედავს ძალას, რომ საკუთარი თუ გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ.

ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად არ არის იმის ღირსი, რა მდგომარეობაშიც ის ახლა იმყოფება.

იმის გათვალისწინებით თუ რა დიდი პოტენციალი გააჩნია მას, პირველ რიგში, ახალგაზრდების, ახალი თაობის, სუფთა, გონიერი და პროფესიონალი ადამიანების სახით, თუნდაც იმ ემიგრანტების სახით, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ და სამწუხაროდ, სხვის ეკონომიკას აძლიერებენ, იმიტომ , რომ არ მიეცათ სამშობლოში ღირსეული შრომისა და ცხოვრების საშუალება; ჩვენი დედები და დები, რომლებიც წლების განმავლობაში უცხოეთში მძიმე შრომით გამომუშავებული ფულით ეხმარებიან აქ თავიანთ ოჯახებს და ათეული წლების განმავლობაში, მილიარდზე მეტ თანხას რიცხავენ საქართველოში ყოველწლიურად.

ჩვენ ვართ კლებადი ერი, მცირე ეკონომიკის ქვეყანა, სამწუხაროდ, არანაირი სტრატეგიული მიზნები არ გვაქვს,

რანი გვინდა რომ ვიყოთ? როგორი ქვეყანა გვინდა რომ გვქონდეს?

ქვეყანა, სადაც სიღარიბის და უიმედობის პროპაგანდა მიდის?

ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში ტყუილი დაპირებებით იმართება? სისტემა, რომელიც აგრესიული და რეპრესიულია თავისუფალი მედიის და კრიტიკული აზრის მიმართ?

ასე ვერ განვვითარდებით!

ასე ვერ ავაშენებთ ახალ და ძლიერ საქართველოს!

დღეს უნდა გავერთიანდეთ, დავისახოთ კონკრეტული მიზნები ჩვენი ქვეყნის და ხალხისთვის, უნდა შევეშვათ წარსულის კრიტიკას და ვიფიქროთ და ვიმოძრაოთ მომავლისკენ;

გავაჯანსაღოთ ეკონომიკა, შევქმნათ სამართლიანი ქვეყანა, შეუქცევადი გავხადოთ დასავლურ ორბიტაზე გადასვლა, შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული მოქალაქე იპოვის საკუთარ ღირსეულ ადგილს და საქართველო კი ღირსეულ ადგილს მსოფლიო რუქაზე!

ქართველებს გვაქვს ამის ნიჭი და ძალა!

მხოლოდ თავისუფალი , ახალგაზრდა, გულანთებული და პროფესიონალი ადამიანების გაერთიანებას შეუძლია ძლიერი ქვეყნის შექმნა!

სექტემბრიდან!

ახალი მოძრაობა!

ღირსეული საქართველოსთვის!“

მამუკა ხაზარაძესა და „თიბისი ბანკის“ კიდევ ერთ დამფუძნებელს, ბადრი ჯაფარიძეს გენერალური პროკურატურა ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ, 26 ივლისს კი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბერს ჩაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]