weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ინფრასტრუქტურის განვითარებაში ასეთი ტემპები და მასშტაბები არასდროს გვქონია – ბახტაძე

12:03 სამშაბათი, 13 აგვისტო 2019

„ჩვენთვის ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამას აქვს სამი ძირითადი მიზანი: მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის უნიკალური, სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის ათვისება, შევამციროთ სვლის დრო და გავხადოთ უფრო კომფორტული და უსაფრთხო და მესამე - ეს არის ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ ვებრძოლოთ სიღარიბეს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები 2022 წლის ჩათვლით დასრულდება.

„ეს მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტებია. პირველი, ეს არის პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაიწყო, ეს არის ჩქაროსნული მაგისტრალი რიკოთის უღელტეხილზე. ეს არის ძალიან რთული საინჟინრო ნაგებობა, მასში ჩვენ ძალიან დიდი ინვესტიციები გვექნება განსახორციელებელი, მაგრამ ჩვენ ამას აუცილებლად უმოკლეს ვადებში გავაკეთებთ. ჩვენს მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი თვალით იხილონ, თუ როგორ მიმდინარეობს ინტენსიური მშენებლობის პროცესი. მეორე – რამდენიმე დღეში ხელი მოეწერება და წლის ბოლომდე დაიწყება მეორე ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროექტი – კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში“, – აღნიშნა ბახტაძემ.

მისი თქმით, ერთ-ერთი პროექტი, რომელმაც სარგებელი მოუტანა მოქალაქეებს შარშან გაკეთებული კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგიროა.

„შედეგად მივიღეთ, რომ კობი გაცოცხლდა, მასში შევიდა ახალი სიცოცხლე და თქვენ დღეს ფაქტობრივად ვერ ნახავთ თავისუფალ ადგილს, რომელზეც არ მიდიოდეს საუბარი, რომ ახალი სასტუმროა ასაშენებელი ან ახალი ტურისტული ობიექტი.

ასეთმა პროექტმა ჩვენ საშუალება მოგვცა რომ თრუსოს ხეობაში შეგვეტანა ახალი დინამიკა და დარწმუნებული ვარ, შემდეგი წლების განმავლობაში ეს ორივე ძალიან ლამაზი ადგილი ინტენსიურად განვითარდება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ჩქაროსნული მაგისტრალების გარდა, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ყველა დასახლებულ პუნქტამდე გზების მშენებლობა.

„საზოგადოებას ვპირდები, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ, საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტამდე ჩვენ გვექნება შესაბამისი სტანდარტის გზა.

დღეს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მთიან რეგიონებში ისვენებენ, აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი თვალით იხილონ როგორ მიმდინარეობს ეს აღმშენებლობის პროცესი.

ჩვენს ძალიან ბევრ რაიონსა თუ სოფელში შენდება გზები, რომელიც არასდროს აშენებულა. დღეს ჩვენ ვაშენებთ 140 კილომეტრიან ჩქაროსნულ მაგისტრალს და რეაბილიტაცია უტარდება 500 კილომეტრამდე საავტომობილო გზას. ასეთი ტემპები და მასშტაბები ჩვენ ინფრასტრუქტურის განვითარებაში არასდროს გვქონია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მომავალი წლებისთვის გამოწვევა იქნება ნაპირსამაგრი სამუშაობის ჩატარება და ამ მიმართულებით, მეტი ინვესტიციების განხორციელება იგეგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]