weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა პუტინის დაკვეთაა – სააკაშვილი

13:23 ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2019

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის განცხადებით, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც წლის ბოლომდე უნდა დაიწყოს, ახალი როკის გვირაბი იქნება.

„2008 წელს მე გავეცი გორიდან უკან დახევის ბრძანება მას შემდეგ, რაც მივიღე ცნობა ლარსზე რუსული ჯავშანტექნიკის კონცენტრაციის. რომ არ დაგვეხია, ეს დაჯგუფება ზუსტად ისე მოაქცევდა ალყაში და ჩახოცავდა ჩვენს ჯარს, როგორც რუსებმა გააკეთეს მოგვიანებით უკრაინულ ილოვაისკში 2014 წელს.

ავტობანის აშენების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისთვის.

ეს 100% პუტინის დაკვეთაა, რომელსაც ივანიშვილი ასრულებს და ტურიზმის განვითარება აქ არაფერ შუაშია“, – დაწერა სააკაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს გამოეხმაურა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ „უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტის“, კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება. ბახტაძის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის მქონე და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში.

რაც შეეხება რუსეთთან დაკავშრებულ საფრთხეებს, ამ თემაზე კომენტარი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ქარსელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ქვეშეთი-კობის პროექტთან მიმართებაში რუსეთის საზღვრის ხსენება „არასწორი ინტერპრეტაციაა“. ქარსელაძის განცხადებით, დაგეგმილი გვირაბიდან რუსეთის საზღვრამდე კიდევ ორი მონაკვეთია.

„ქვეშეთი-კობის პროექტი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ იმ რეგიონის და მისი სტუმრების საჭიროებებს. დღეს არსებული გზა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას საგზაო უსაფრთხოების და გამტარობის თვალსაზრისით... პროფესიონალების მიერ იქნა დამტკიცებული, რომ ყველა პარამეტრი, რომელიც უკავშირდება პროექტის განვითარებას - დაწყებული გეოლოგიით, გაგრძელებული გარემოს დაცვით, სოციალური და სხვა საკითხებით, მიზანშეწონილია. ასევე დადგენილია მისი ეკონომიკური მიზანშეწონილობა“, – განაცხადა ქარსელაძემ.

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის პროექტის ფარგლებში ჯამში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კილომეტრი გზის, ექვსი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობა, მათ შორის იქნება 9-კილომეტრი სიგრძისა და 15 მეტრი სიგანის გვირაბი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]