weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვანო ზარდიაშვილის „ნეპოტიზმი“ - როგორ დასაქმდნენ მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახის წევრები

10:16 ხუთშაბათი, 20 ივლისი 2017

პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ ვანო ზარდიაშვილი 2013-2016 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე იყო. ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე, ვანო ზარდიაშვილის მეგობრის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მაშინდელი მოადგილის მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლე და დედა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დასაქმდნენ.

ვანო ზარდიაშვილი 2016 წლის არჩევნების შედეგად არჩეული მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით გახდა.

მედიასაშუალებებით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანო ზარდიაშვილს არაფორმალური გავლენა აქვს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებზე და აქტიურად ლობირებს მმართველი პარტიისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებას სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზე. განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა მის ურთიერთობაზე მიხეილ ჩინჩალაძესთან, რომელიც 10 წლის განმავლობაში - 2007 წლიდან 2017 წლამდე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, ხოლო 2017 წლის მაისში უვადოდ გამწესდა მოსამართლის თანამდებობაზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედაც იქნა დანიშნული. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მდივანმა ლევან მურუსიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ზარდიაშვილი და ჩინჩალაძე ერთმანეთის მეჯვარეები და ნათელმირონები არიან.

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოარკვია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ვანო ზარდიაშვილის საქმიანობის პერიოდში, ამ სამსახურში მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახის წევრები და უახლოესი ნათესავები მნიშვნელოვან თანამდებობებზე დაინიშნენ.

კერძოდ, გენერალური აუდიტორის პირველ მოადგილედ ვანო ზარდიაშვილის დანიშვნიდან მალევე, 2013 წლის ოქტომბერში, მიხეილ ჩინჩალაძის დედა - რუსუდან სამხარაძე სსიპ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტში“ საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორის პოზიციაზე დაინიშნა, სადაც მისი ანაზღაურება თვეში საშუალოდ 2 600 ლარია. მანამდე რუსუდან სამხარაძე კერძო სექტორში საქმიანობდა - იყო სააქციო საზოგადოება „საქრუსენერგოს“ მთავარი სპეციალისტი.

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება გენერალური აუდიტორის პრეროგატივაა. 

2014 წლის ივნისში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მთავარ კონსულტანტად დაინიშნა მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლე - მარიკა მარიკაშვილი, რომელიც იმ პერიოდში არსად არ მუშაობდა. მისი ყოველთვიური ანაზღაურება ამ პოზიციაზე საშუალოდ 2 686 ლარია.

გარდა ამისა, 2016 წლის 15 იანვრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოში ექპერტ-კონსულტანტის პოზიციაზე დასაქმდა მიხეილ ჩინჩალაძის პენსიონერი მამა - 68 წლის თამაზ ჩინჩალაძე, რომელსაც თვეში 1 665 ლარის ოდენობით ხელფასი დაუნიშნეს.

აღსანიშნავია, რომ თავად ვანო ზარდიაშვილის მეუღლე - თინათინ აბრალავა, 2015 წლის 30 იანვრიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. ამ დეპარტამენტის მთავარ ფუნქციას 3 წლის ვადით დანიშნული მოსამართლეების საქმიანობის შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება, ანგარიშების მომზადება და საბჭოსთვის წარდგენა წარმოადგენს.   

თინათინ აბრალავა ყოფილი პარლამენტარისა და „აღორძინების კავშირში“ ასლან აბაშიძის პოლიტიკური გუნდის წევრის ანზორ აბრალავას შვილია. იგი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2010 წლის 1 ივნისიდან მუშაობს სხვადასხვა თანამდებობებზე.

როგორც ირკვევა, თინათინ აბრალავას ბიზნესინტერესებიც აქვს, თუმცა ეს ფაქტი დღემდე ვანო ზარდიაშვილის არცერთ ქონებრივ დეკლარაციაში არ ყოფილა ასახული. კერძოდ, თინათინ აბრალავა 2006 წლიდან დღემდე ფლობს შპს „პენტჰაუზის“ (ს/კ - 200210887) კაპიტალის 5 %-ს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „პენტჰაუზის“ საკუთრებაში ირიცხება ქ. თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩის №43-ში, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებარე კომპლექსში არსებული  4 საოფისე ფართი, რომელთა საერთო მოცულობა 550,6 კვ.მ.-ია, ასევე 2 ავტოპარკინგი.

თინათინ აბრალავას ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორის გოჩა კლიმიაშვილის შვილი - ლიკა კლიმიაშვილი 2015 წლიდან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსია.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]