„საქართველოს ხელისუფლების და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა, რომლებიც გუგტიანთკარში მიმდინარე სამუშაოებს აკვირდებიან, კარგად იციან, რომ ოსი მესაზღვრეები საზღვრის გავლების დროს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს ითვალისწინებენ და ქართულ მხარეს ერთი მეტრითაც კი არ გადადიან“, – განაცხადა ჯიოევმა.
იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ე.წ. საზღვრის მოწყობის სამუშაოებს არა რუსი სამხედროები, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ატარებენ. ჯიოევი აცადებს, რომ ქართული მხარის მიერ „საზღვრის მოწყობის“ სამუშაოების წარმოებაში რუსეთის ფედერაციის დადანაშაულება უსაფუძვლოა და საერთაშორისო თანამეგორბობის თვალში სამხრეთ ოსეთში რუსეთის ყოფნის ნეგატიურად წარმოჩენას ისახავს მიზნად.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ გუგუტიანთკარში რამდენიმე დღეა ღობეს ავლებენ. ღობის მიღმა ექცევა რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ორი სახლი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა, ასევე მათი მიწის ნაკვეთები. ოკუპანტების მიერ სამუშაოების განახლების შემდეგ, გივი (გიორგი) რაზმაძემ საკუთარი სახლის დაშლა დაიწყო. ამჟამად რაზმაძეების ოჯახი გორში ცხოვრობს, გუგუტიშვილები კი გუგუტიანთკარში დარჩნენ და საცხოვრებლად სხვა სახლში გადავიდნენ. როგორც „რეგინფოს“ მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მერის წარმომადგენელმა, რუსუდან კილაძემ განუცხადა, მართალია რაზმაძეები და გუგუტიშვილები ომის დროს დაზიანებულ სახლებში აღარ ცხოვრობდნენ, მაგრამ სახლებთან ახლოს მდებარე ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალს იღებდნენ.
„ახლაც დათესილი აქვთ ყველაფერი, მაგრამ ღობის გავლების შემდეგ ისინი ვეღარ შევლენ საკუთარ ნაკვეთებში“, – განაცხადა რუსუდან კილაძემ.
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ინფორმაციით, გუგუტიანთკარში „ბორდერიზაციის“ პროცესი დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო. EUMM შიშობს, რომ უკანონო სამუშაოების შედეგად, სოფელი სარწყავი და სასმელი წყლის გარეშე დარჩება.