ამის შესახებ ციხელაშვილმა გუგუტიანთკარში, ადგილობრივებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან უპასუხა რადიო თავისუფლების შეკითხვას - დგება თუ არა საკითხი, რომ 2019 წელს ორი ოჯახის წევრები იძულებით გადაადგილებული პირები გახდებიან.
„სოფელში რამდენჯერმე ვიკითხე, დგება თუ არა დღეს ისეთი საფრთხე, რომლითაც არსებული ვითარება იცვლება, ანუ კონკრეტულ ოჯახებს საფრთხე ადგება? მე ასეთი კონკრეტული პასუხი არ მიმიღია, თუმცა ვადგენთ.
აშკარაა, რაღაც მონაკვეთებში არის ბოძები ჩაყრილი, უკანონო და მახინჯი კონსტრუქციები გაკეთებული. ჩვენი ამოცანაა, რომ დეტალური ინფორმაცია მივიღო მოსახლეობისგან, რა ტიპის გამოწვევები აქვთ დღეს, მიუხედავად იმისა, ახლოს ცხოვრობენ ამ მავთულხლართთან თუ მოშორებით, იმიტომ, რომ აქ ცხოვრება გმირობის ტოლფასია. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, უკანონო მავთულხლართები და დაბარიკადები ახალი მოვლენა არ არის.
„ასეთი შეღობვები 2009-2011 წლებში იყო, 2013 წელსაც იყო მსხვილი ეპიზოდები. ჩვენი ქვეყნის შუაგულში ასზე მეტი სოფელი სხვადასხვა ფორმით გახლეჩილია. მათი სამეურნეო მიწები მავთულხლართებით არის დასერილი. აშკარაა, მე დღეს რაც აქ ვნახე, ამ სოფელში, სადაც უკვე გავლებულია მავთულხლართები, მეორე რიგის ბარიკადების მშენებლობა სხვას არაფერს ემსახურება თუ არა დამატებით დაძაბულობის შექმნას, რაც ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომაა. ჩემი ამოცანაა, ამ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული საოკუპაციო პოლიტიკის შედეგად გამოწვეული ზარალი ან ზიანი, რომელიც მოსახლეობას მიადგა, დავადგინოთ და რა თქმა უნდა, მოსახლეობის გვერდში დგომა კიდევ უფრო გავაძლიეროთ“, – განაცხადა გუგუტიანთკარში მყოფმა ციხელაშვილმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ გუგუტიანთკარში რამდენიმე დღეა ღობეს ავლებენ. ღობის მიღმა ექცევა რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ორი სახლი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა, ასევე მათი მიწის ნაკვეთები.