„ესტონეთი საერთაშორიო სამართლის, საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერია. ის, რაც დღეს აქ ვნახეთ, ღრმად შემაშფოთებელია, არა მხოლოდ პოლიტიკური შედეგების, რაც ფარულ ანექსიას ნიშნავს, არამედ ასევე ჰუმანიტარული განზომილების გამო. ჩემთვის განსაკუთრებულად რთულია შევაფასო, რა ნაბიჯებს უნდა დგამდეს საქართველოს ხელისუფლება. მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული ზეწოლა სასარგებლო იქნება“, – თქვა ელჩმა.
ესტონეთის ელჩის გარდა, სოფელ გუგუტიანთკარში სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი საელჩოს წარმომადგენელი იმყოფებოდა ადგილზე, თუმცა მისი თქმით, გუგუტიანთკარში იმყოფება არაერთი საელჩოს პირველი ან მეორე პირი, რომლებიც ამჟამად საქართველოში არიან.
საოკუპაციო ძალების მიერ გავლებული ღობეების გამო, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ოჯახი სახლსა და მიწის ნაკვეთებს კარგავენ. ოკუპანტების მიერ სამუშაოების განახლების შემდეგ, გივი (გიორგი) რაზმაძემ საკუთარი სახლის დაშლა დაიწყო. ამჟამად რაზმაძეების ოჯახი გორში ცხოვრობს, გუგუტიშვილები კი გუგუტიანთკარში დარჩნენ და საცხოვრებლად სხვა სახლში გადავიდნენ. როგორც „რეგინფოს“ მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მერის წარმომადგენელმა, რუსუდან კილაძემ განუცხადა, მართალია რაზმაძეები და გუგუტიშვილები ომის დროს დაზიანებულ სახლებში აღარ ცხოვრობდნენ, მაგრამ სახლებთან ახლოს მდებარე ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალს იღებდნენ.