ლოპოტას ტბაზე პრეზიდენტის ყოფნისა და დასვენების შესახებ „რეგინფოს“ ინფორმაცია რამდენიმე წყარომ დაუდასტურა, მათ შორის დასასვენებელი კომპლექსის თანამშრომლებმაც.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენლების თქმით, მათ არ იციან, სად არის სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტმა ბოლოს განცხადება 9 აგვისტოს გააკეთა, როცა ის ორფოლოს პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების დასრულებას დაესწრო.
14 აგვისტოს, შიდა ქართლში, სოფელ გუგუტიანთკარში რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის მიტაცება და მავთულხლართების გაბმა გააგრძელეს. სოფლის მოსახლეობა გუგუტიანთკარში ხელისუფლების წარმომადგენლების ჩასვლას ითხოვდა. ბორდერიზაციის შედეგად გუგუტიშვილების და რაზმაძეების ორმა ოჯახმა სახლები დაკარგა, რუსმა სამხედროებმა მიიტაცეს სოფლის კუთვნილი ხეხილის ბაღები, სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განახლებულ ბორდერიზაციას ამ დროდე არც კი გამოხმაურებია.
16 აგვისტოს გუგუტიანთკარში იმყოფებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებმა და პარტნიორმა სახელმწიფოებმა ერთხმად დაგმეს საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები და ე.წ. საზღვრის გავლების პროცესის შეჩერება მოითხოვეს.
გუშინვე გავრცელდა გორის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ შვებულებაშია, აჭარაში იმყოფება და გუგუტიანთკარში შვებულების დასრულების შემდეგ ჩავა.