„ეს რეგისტრაცია, რუსეთის საკადასტრო მონაცემთა ბაზაში, ისეთივე უკანონოა, როგორც 2009 წელს იყო, როცა ასეთი ჩანაწერი გაკეთდა. მას არც საერთაშორისო სამართალი სცნობს, არც საერთაშორისო საზოგადოება და მითუფრო, რა თქმა უნდა, არც საქართველოს იურიდიული სივრცე“, - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.
მისივე განცხადებით, აფხაზურ საზოგადოებას აქვს განცდა, რომ რუსეთი საკუთარ უფლებამოსილებას ცდება და უხეშად არღვევს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საოკუპაციო რეჟიმისათვის ადგილობრივების ინტერესს - საუბარია აფხაზებზე, ქართველებსა თუ ვინმე სხვაზე, მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც მას საკუთარი სამხედრო თუ პოლიტიკური ინტერესების გატარება სურს“, - აცხადებს ციხელაშვილი.
მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაგრის რაიონის სოფელი აიბღა რუსეთის საკადასტრო რუკაზე რუსეთის ფედერაციის საზღვრებშია დაფიქსირებული.