ბახტაძემ უარყო ბრალდება, რომ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში ხელისუფლების ინტერესი იკვეთება.
„სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში უკვე ტრადიციად იქცა სრულიად დაუკავშირებელი გარემოებების ერთმანეთთან დაკავშირება და ამ შემთხვევაშიც იგივესთან გვაქვს საქმე. მე მსურს ვთქვა ყველაზე მთავარი, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება, რაც არის და ამავე დროს მომავალშიც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
20 აგვისტოს შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა სამხსახურიდან გაათავისუფლა არხის წამყვანი სახეები, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეკომპანია ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა. პროტესტის ნიშნად „რუსთავი 2“-დან წამოვიდნენ „კურიერის“ წამყვანები - დიანა ჯოჯუა, მიშა სესიაშვილი და პაატა იაკობაშვილი, ასევე, ჟურნალისტები, რომლებიც პოლიტიკურ თემებს აშუქებდნენ - ნათია გოგსაძე, თამარ ბაღაშვილი, ნინო გაზდელიანი, დავით ქაშიაშვილი, გიგლა თუმანიშვილი და სხვები. მათ საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლად შეაფასეს, რაზეც პაატა სალიას განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
21 აგვისტოდან „რუსთავი 2“-ზე „კურიერი“ არ გასულა. ეთერში სერიალები და მხატვრული ფილმებია.