„უამრავი ახალგაზრდა პროფესიონალი გვიერთდება. ეს არ იქნებიან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ძველი ლიდერები. ეს იქნება აბსოლუტურად ახალი ძალა. ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც ახალ საქართველოში უნდა ცხოვრება. იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა.
ხაზარაძის თქმით, მთელი ბიზნესმოღვაწეობის განმავლობაში მას და ბადრი ჯაფარიძეს არასოდეს დაურღვევიათ კანონი:
„არასდროს დაგვირღვევია კანონი, არ მოგვიტყუებია ბიუჯეტი და ჩვენი პარტნიორები. შემიძლია, ღმერთის და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ ისევე როგორც ამ საქმეში, მთელი ჩვენი მოღვაწეობის განმავლობაში ვართ პირნათელნი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ, დღესვე წავიდე ციხეში, ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ რამის გვეშინია, ან ყადაღის დადების, რაც გუშინ გააკეთეს სამარცხვინოდ, ან ნებისმიერი ქმედების.“
მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური წინსვლის გარანტი:
„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არის საკითხები, რომლებსაც გავახმოვანებთ და საზოგადოებას ეცოდინება ის დინებები, რომელიც პირდაპირ სამთავრობო უწყებებში, ეს ე.წ. მე-5 კოლონის სახით, რუსული გავლენის სახით ეწინააღმდეგება ჩვენთვის, ქართველებისთვის და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს. ანაკლია არ არის მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემოტრიალება ერთხელ და სამუდამოდ ევროპისკენ. ეს არის უსაფრთხოებისა და ჩვენი ეკონომიკური წინსვლის გარანტია. ამიტომ პირდაპირ მოვუწოდებ იმ ხალხს, ჩამალულებს რუსული პაგონების ქვემოთ, რომ არაფერი არ გამოგივათ, ანაკლიას ავაშენებთ და ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძე ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლის მამისთვის, ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წაყენებასაც გამოეხმაურა და ეს ფაქტი თავისუფალ მედიაზე ზეწოლად შეაფასა.
„ავთო წერეთელს არ აქვს არანაირი წილი იმ კომპანიებში, საიდანაც ჩვენ ფული ვისესხეთ და გაუგებარია მისი ჩართვა ბრალდებულის სტატუსით და როლით. საქმე გვაქვს პირდაპირ ავთო წერეთელზე ზეწოლასთან, რადგან მან თავის ოჯახის წევრებზე ვითომდა გავლენა მოახდინოს, რომ ერთადერთი ან ძალიან მცირე დარჩენილი თავისუფალი მედიისგან ისევ მივიღოთ გაუგებარი რამ. გეუბნებით, „ტვ პირველი“ არ არის წერეთლების ოჯახის, დიდი ხანია, ეს არის მთელი საქართველოსი, ეს არის დემოკრატიის მონაპოვარი, ეს არის თავისუფალი სიტყვა და სადაც თავისუფალი სიტყვა შეიზღუდება, ჩვენ და მთელი საზოგადოება დავიცავთ მას ყველანაირი მეთოდებით“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.