პრეზიდენტს სჯერა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება. ზურაბიშვილის თქმით, მისი უმთავრესი სურვილი და უდიდესი მიზანია საქართველოს გაერთიანება უახლოეს მომავალში, მისი პრეზიდენტობის ვადაში მოხდეს.
„ჩემი უმთავრესი სურვილი და უდიდესი მიზანია, რომ ეს მოხდეს უახლოეს მომავალში, ჩემი პრეზიდენტობის ვადაში, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა გზას და საშუალებას.
მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ იმ დროის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების, თავისუფალი არჩევანის და სიტყვის თავისუფლების უფლება, მსგავსად საქართველოს ყველა მოქალაქისა, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, როგორიც ეკადრება დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის - საქართველოს მოქალაქეს!“,- ამბობს ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, აფხაზებთან და ოსებთან საერთო ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში მძიმე პერიოდები ყოფილა, მაგრამ უფრო მეტია სიყვარული, მეგობრობა, ნათესაობა და ურთიერთპატივისცემა.
„დღეს, რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო, აფხაზურ და ოსურ კულტურას, ენას, ზოგადად იდენტობას კიდევ უფრო მძიმე საფრთხე ემუქრება - გაქრობის წინაშეა. ჩვენი ერთობლივი ისტორია კი სწორედ იმის დასტურია, რომ ქართველთა გარეშე აფხაზთა და ოსთა ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენა ვერ მოხდება.
ასევე მძიმეა ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური ვითარება. დღესაც, მიუხედავად ოკუპაციით შექმნილი პრობლემებისა, ჩვენი ხელისუფლება შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რომ გადაჭრას მათი ჰუმანიტარული, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ბიზნეს-ინტერესების პრობლემები“, - აცხადებს პრეზიდენტი.