ლავროვთან ინტერვიუ ე.წ. სახელმწიფო ტელერადიოკომპანიამ აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის შესახებ დოკუმენტური ფილმისთვის ჩაწერა.
„სერგეი ბაღაფშის დროს დაიწყო აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარება. პირველად აღიარების შესახებ ნიკარაგუამ განაცხადა, შემდეგ ვენესუელამ, ნაურუმ, ტუვალუმ, ვანუატუმ და ეხლა სირიის არაბული რესპუბლიკა შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთი. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი შეუქცევადია. აფხაზეთი შედგა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც საფუძველი სერგეი ბაღაფშმა ჩაუყარა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მან სერგეი ბაღაფთშან ურთიერთობისა და თანამშრომლობის დეტალები გაიხსენა. ლავროვმა ინტერვიუში ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ბაღაფში აქტიურად მუშაობდა კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირებისთვის.
„დარეგულირების პროცესი საკმაოდ რთულად მიდიოდა, რადგან საქართველოს ხელმძღვანელობა ულტიმატუმებს აყენებდა და რაღაც ეტაპზე კონფედერაციის იდეაც უარყო, რომელსაც შეეძლო, წარმატებული შედეგი მოეტანა. ნებისმიერ შემთხვევაში, სერგეი ბაღაფში დაკავებული იყო კონტაქტებით, რომლებიც ყველასთვის მისაღები დარეგულირებისკენ იყო მიმართული. ეს ძალისხმევა ჩაიშალა 2008 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების ბრძანება გასცა", - განაცხადა ლავროვმა და აღნიშნა, რომ ბაღაფში 2008 წლის აგვისტოს მძიმე დღეებში მოიქცა, როგორც ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწე.
რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. რუსეთის აღიარებას, გაეროს წევრი მხოლოდ ამ სახელმწიფოების აღიარებები შეემატა: ნიკარაგუა, ნაურუ, ვენესუელა და სირია. კიდევ ორმა სახელმწიფომ - ვანუატუმ და ტუვალუმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები ჯერ აღიარეს, შემდეგ კი აღიარების გადაწყვეტილება გააუქმეს.