„მადლობით გავუშვით თანამდებობიდან, საკუთარი სურვილით, მამუკა ბახტაძე. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს მოხდა ძალიან კულტურული ფორმით და კარგია თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ საქართველოში. კაცი მოვიდა იდეებით, იყო მთავრობის მეთაური, მან მოახერხა თავისი იდეების გუნდათან შეთანხმება, რეალიზებაში მოიყვანა დიდი ნაწილი და დანარჩენზე პროცესები ჩართო და დაიწყო.
ჩათვალა, რომ მან თავისი სიტყვა თქვა, გზა დაუთმო ახალს და განვითარებას მისცა ადგილი.
მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მისი მოღვაწეობისთვის, როგორც ფინანსთა მინისტრის რანგში, ისე პრემიერ-მინისტრის რანგში და ასე კულტურული წასვლისთვისაც თანამდებობიდან“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მამუკა ბახტაძემ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2018 წლის ივნისიდან იკავებს, გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ, 2 სექტემბერს გააკეთა. როგორც მან თქვა, საჯარო პოლიტიკაში კონკრეტული მიზნით და ამოცანით შემოვიდა, რომლის რეალიზაციაც მოხდა. ბახტაძის განცხადებით, ამ ეტაპზე პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას არ განიხილავს. მას თანამდებობაზე შს მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.