weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოლიტიკაში ძალოვანები ძლიერდებიან, დემოკრატიიდან გავდივართ - ზაქარეიშვილი

13:01 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019

ახალი სამთავრობო ცვლილებებით პოლიტიკაში ძლიერდებიან ძალოვანი სტრუქტურები, ჩვენ ფაქტობრივად, გავდივართ დემოკრატიიდან - ასე აფასებს მთავრობის ყოფილი წევრი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სამთავრობო ცვლილებებს.

„ფაქტია, რომ დაწინაურდა მთავრობის ძალოვანი ნაწილი, პოლიტიკაში ძლიერდება მათი ძალაუფლება. ჩვენ ფაქტობრივად, გავდივართ დემოკრატიიდან.

იწყება რუსული ყაიდის პოლიტიკა, ანუ არა რუსული ან პრორუსული, არამედ რუსული ყაიდის პოლიტიკა, სადაც ძალოვანები და უშიშროება მართავს ყველაფერს. ეს არ მგონია კარგი. ეს „ნოუ-ჰაუ“, რუსული სტილი თავის დროზე სააკაშვილმა გამოიყენა, როცა ჩიხში შევიდა და მერაბიშვილით დაიწყო ქვეყნის მართვა. ამჯერად „ქართული ოცნება“ ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ და გახარიას სახით „მერაბიშვილი-ადეიშვილის“ კონცეფციას ქმნის“,- განუცხადა „რეგინფოს“ პაატა ზაქარეიშვილმა.

მან ძალოვანი უწყებების გაძლიერების მაგალითად ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების გამო მიმდინარე შეხვედრების ფორმატიც დაასახელა.

„მაგალითად, ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებულ შეხვედრებში არ მონაწილეობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეგირების მექანიზმის ჯგუფის წევრია. ბოლო დღეების შეხვედრებში მხოლოდ ძალოვანები არიან ჩართული. ასევე, გრძელდება შეხვედრები გალშიც, საიდანაც ასევე ამოგდებულია სახელმწიფო მინისტრის აპარატი“, - აღნიშნა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა.

ამასთან, ზაქარეიშვილი ფიქრობს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურად გიორგი გახარიას წარდგენა „ქართული ოცნების“ მხრიდან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გამოწვევაა: „ფაქტიურად, „ქართულმა ოცნებამ“ მათ ხელთათმანი გადაუგდო - არ გინდოდათ გახარია? მიიღეთ გახარია! ეს მათი მხრიდან გაბედული ნაბიჯია და პარტიის საქმიანობას დინამიკას სძენს. „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დასუსტებულია, მათ აღარ შესწევთ ქუჩის აქციების ძალა, აღარ აქვთ „რუსთავი 2“. სწორედ ახლა არის მომენტი, რომ თუ ამ გამოწვევას „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე გაართვა თავი, „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ ჩამოიშლება.“

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დღეს დილით წარადგინა.

გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2 სექტემბერს დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]