„საქართველოს ხელისუფლებას სურს, პროვოკაციების გზით მოსახლეობის ყურადღება ქვეყნის შიგნით დაძაბულობიდან სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე გადაიტანოს. თბილისი ცდილობს, შექმნას „გარე მტერი“, რომელზეც ყველამ უნდა გადაიტანოს ყურადღება და შიდა პრობლემები დროებით მაინც დაივიწყოს“, - აცხადებს ბიბილოვი.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას სურს, შექმნილი ვითარების დარეგულირებაში გაერო და ეუთო ჩართოს.
„ჩვენი სიმართლის ყველა მტკიცებულება გვაქვს. ვცდილობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მცდელობას, მივიქციოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება. ჩვენ მივიტანთ ჩვენს შეშფოთებას ევროპულ სტრუქტურებამდე - ეუთოსა და გაერომდე, რომლებიც უნდა იყვნენ ქართული მხარისთვის შემაკავებელი ფაქტორი. მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ ამას ვერ ვხედავთ“, - ამბობს დე ფაქტო პრეზიდენტი.
ამასთან, ბიბილოვი აცხადებს, რომ საკუთარი მოქალაქეების დასაცავად დე ფაქტო რესპუბლიკა ე.წ. საზღვარზე უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებს.
გასულ კვირაში დე ფაქტო ხელისუფლებამ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის პოსტის გახსნა გააპროტესტა და მისი აღება მოითხოვა. აღნიშნულ საკითხზე მათ ულტიმატუმი დააყენეს 29 აგვისტოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე და შეხვედრა დატოვეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ ჩორჩანას მიმდებარე ოკუპირებულ სოფელ წნელისში სხვადასხვა დანიშნულების ძალოვანი სტრუქტურების რაზმები და ჯავშანტექნიკა განათავსა და ე.წ. სასაზღვრო პოსტის გახსნის შესახებ განაცხადა. საკითხი მხარეებმა უკვე ორ ტექნიკურ შეხვედრაზე განიხილეს და უახლოეს დღეებში კიდევ ერთი ტექნუკური შეხვედრის გამართვის შესახებ შეთანხმდნენ. ქართული მხარე საპოლიციო საგუშაგოს აღების ან გადატანის საკითხს არ განიხილავს.