weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გახარიას პრემიერად დაყენება საზოგადოებასთან პოლიტიკური ომის გამოცხადებაა – ბოკერია

14:03 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას წარდგენა საზოგადოებასთან პოლიტიკური ომის გამოცხადებაა.

„ეს პირდაპირ სილის გაწვნაა არა ოპოზიციის ან რომელიმე პარტიის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. ახლა ივანიშვილის მხრიდან ღია დემონსტრირებაა იმისი, რომ მას არ აინტერესებს ჩვენ რას ვფიქრობთ მის ნაბიჯებზე - „შემიძლია ჩემი გავიტანო“ და ასეთ ვითარებაში, როდესაც ასე იყო ვითარება დაძაბული, იმ რისკების ფონზე, რაც საქართველოს აქვს, სპეციალურად გადადგას ნაბიჯი აბსოლუტურად დისკრედიტირებული, პოლიტიკურად გარდაცვლილი ფიგურის მარიონეტად, პრემიერ-მინისტრად დაყენების თაობაზე. მართლა საზოგადოებასთან ომის გამოცხადებაა, პოლიტიკური ომის. ეს არის კიდევ ერთი საბუთი, რატომ არის აუცილებელი ამ ხელისუფლების და ივანიშვილის მმართველობის დასრულება. ის მიიღებს ამ თავხედობაზე პასუხს არჩევნებზე, ხოლო იქამდე - მშვიდობიანი პროტესტით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ბოკერიას თქმით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას წარდგენით, ივანიშვილი რუსული პოზიციების გაძლიერებას უწყობს ხელს.

„ივანიშვილის მოღვაწეობის პირდაპირი შედეგი, მათ შორის, გახარიას მეშვეობით არის რუსული გავლენის გაძლიერება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და რუსული, პირდაპირ პუტინისტური ჯგუფების გაძლიერება, ლეგიტიმაცია, დაფინანსება, ძალადობისთვის დაუსჯელობა. ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტი გახარია იყო. ამიტომ ჩემთვის თავიდანვე ნათელია, რომ ეს ოლიგარქი კაცი ლეგიტიმაციას ხედავდა იმაშიც, რომ დაეშვა, ხელი შეეწყო რუსეთის პოზიციების გაძლერებისთვის ქვეყნის შიგნით. ამ ჭრილში უნდა შევხედოთ ყველაფერს“, – განაცხადა ბოკერიამ.

დეპუტატი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენასაც გამოეხმაურა: „იმ პირობებში, როცა 20 ივნისის და „გავრილოვის ღამის“ შემდეგ გახარიას წარადგენენ პრემიერად, ისეთი პოლიტიკური კლოუნის დანიშვნა თავდაცვის სამინისტროში როგორიც ღარიბაშვილია, ლოგიკურიც კი არის“.

მამუკა ბახტაძემ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2018 წლის ივნისიდან იკავებს, გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ, 2 სექტემბერს გააკეთა. ბახტაძის შემცვლელად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]