„ამერიკა საქართველოს მთავარი პარტნიორია და მასთან გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა. როგორც არასდროს, ისე მაღალია ჩვენი თანამშრომლობა. ახალი ელჩი არის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დანიშნული პირველი ელჩი საქართველოში. მივესალმებით მის დანიშვნას. ჩემი ინფორმაციით, გარკვეული პროცედურები უნდა გაიაროს - საკომიტეტო მოსმენები სენატში და როდესაც ეს პროცედურები დასრულდება, ჩვენ მასთან აქტიურად ვითანამშრომლებთ. ძალიან კარგია, რომ ამერიკას ეყოლება [ელჩი], თუმცა, იმ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ელჩი არ იყო, ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების გათვალისწინებით, ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება და ელჩის რანგით იყო მოვლენილი საქართველოში დროებითი რწმუნებული, რომელიც ასევე მაღალი კვალიფიკაციის დიპლომატი იყო“, – განაცხადა ზალკალიანმა პარლამენტში, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების პროცედურა დაიწყო.
დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კელი დენიანი წარადგინა. 2018 წლის მარტიდან აშშ-ის საქართველოში ელჩის მოვალების შემსრულებელი - ელიზაბეთ რუთი ჰყავდა, მანამდე კი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი იყო.