weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს

12:01 ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2019

თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და მოქალაქეები აქციას მართავენ. ისინი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ.

მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა პარლამენტში დღეს დაიწყო, რასაც ბოიკოტი გამოუცხადეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“. ოპოზიციონერი დეპუტატები მთავრობის დამტკიცების პროცედურას ფარსს უწოდებენ და საკომიტეტო მოსმენებზე დასწრებას არ აპირებენ.

საკომიტეტო მოსმენებზე დასასწრებად პარლამენტში არ შეუშვეს მოქალაქეები. როგორც მათ განუმარტეს, ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილის ბრძანებით,  არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საშვების გაცემა შეჩერებულია.

„პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს ყოფილ დეპუტატებს, რომლებსაც კანონით აქვთ ამის უფლება. ბიძინა ივანიშვილს იმისაც კი ეშინია, რომ შევიდნენ პარლამენტში და დასვან აქტუალური კითხვები. ესეთი უგულებელყოფა საზოგადოებრივი აზრის და შეურაცხყოფა ადამიანების, რომლებიც ორ თვეზე მეტია ითხოვენ გიორგი გახარიას გადადგომას, არ მახსოვს არც ამ მთავრობის და არც წინა მთავრობის დროს. არცერთი ოპოზიციის წარმომადგენელი არ ესწრება საკომიტეტო განხილვებს, იმიტომ, რომ კრიმინალი გახარიას მიერ წარმოდგენლი მთავრობა და მის განხილვაში მონაწილეობა ფარსია და იმ ადამიანების სულში ჩაფურთხება, რომლებმაც თვალი დაკარგეს, ზოგიერთი სიცოცხლისთვის იბრძოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში. ამ ყველაფრის შემოქმედი იყო გიორგი გახარია“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ, რომელიც აქციაზე იმყოფება.

მამუკა ბახტაძემ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2018 წლის ივნისიდან იყო, 2 სექტემბერს გადაგომის შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაასახელა, რასაც პარტიის პოლიტსაბჭომ დაუჭირა მხარი. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნდობის გამოცხადებისთვის პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“ წარუდგინა. გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატად პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური წარუდგინა, ხოლო თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად - ირაკლი ღარიბაშვილი.   

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]