weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

მე რატომ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა? – გომელაური მაჩალიკაშვილის საქმეზე

17:34 ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის მიერ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრაზე.

ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევის გუნდის ერთ-ერთი წევრი იყო.

„ეს ადამიანი, ეს ბავშვი ჩათრეული იყო. ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამ. მოტყუებით მიიყვანეს იქ თემაში. რასაც ეს წერდა - ავიფეთქებ თავს და... 18 წლის ბავშვი იყო. ჩატაევი იყო გამოცდილი პიროვნება - ნაომარიც, მეომარიც და ა.შ. ყველაზე ადვილად შეიძლება გააკეთებინო არასრულწლოვან ადამიანს თუნდაც კრიმინალური მიმართულებით, ვიდრე 30 და 40 წლის კაცს. ჩვეულებრივი თემაა.

რაც მოხდა იქ, პროკურატურა იძიებს. მას ჰქონდა ხელყუმბარა, არ ჰქონდა, უნდა აეფეთქებინა - ამაზე მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, უკაცრავად?

თუ იტყვიან რომ დამნაშავეა [სპეცრაზმელი], დაისჯება და ჩაჯდება ციხეში ჩვეულებრივად. მე რატომ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა?

ერთი რამ მინდა ყველამ იცოდეს - სისხლის სამართლის კანონი არსებობს, ასევე, იარაღის გამოყენების კანონი. მე როცა ვარ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი, მაქვს იარაღი, იქ მე არ ვეკითხები არც მინისტრს, არც ჩემს ხელმძღვანელს, როცა შევდივარ ოთახში, ტერორისტი იქნება, თუ კრიმინალი, როგორ უნდა გამოვიყენო. მე მაქვს ჩემი კანონი და ვესროლო თუ არ ვესროლო, მე ვწყვეტ.

როცა ოპერაციაზე შევდივარ, ჩემი თავის მინისტრიც მე ვარ, დეპარტამენტის ხელმძღვანელიც და ყველაფერი. რომ გავისვრი სასამართლოს წინაშე მე უნდა ვაგო პასუხი... ვიღაცამ იქ რაღაც გააფუჭა, ვთქვათ ტყვიის გასროლაზეა, მინისტრი გადავაყენოთ-გადმოვაყენოთ, ეს არასწორია.

კანონი არეგულირებს და რატომ ვთხოვთ ვიღაცას, პასუხისმგებლობა აიღოს? რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო? გეკითხებით. არასწორად უდგებით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას პროკურატურაში „ალბათ დაამთავრებენ“.

„დროზე რატომ არ დამთავრდა, ან რატომ არ მთავრდება - ეს პროკურატურას უნდა ჰკითხოთ. ალბათ, ექსპერტიზას ელოდებიან, ან დაკითხვას ელოდებიან, ჩვენებებს ელოდებიან... არ ვიცი, ალბათ დაამთავრებენ. ვგრძნობ თუ არა პასუხისმგებლობას ეს სხვა თემაა. რატომ არ მეკითხებით ჩატაევი და მისი თანამზრახველები ვინც მოკლა, იმაზე რატომ არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას? ეს არ არის საინტერესო?“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. სპეცოპერაციიდან 20 თვეზე მეტი გავიდა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]