weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წესიერად თუ მოიქცევით მიკროფონს ჩაგირთავთ - ბოკერიას და გახარიას კამათი გავრილოვის ვიზიტზე

17:18 პარასკევი, 06 სექტემბერი 2019

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიას საქართველოში რუსი დეპუტატის ვიზიტის შესახებ დაუსვა კითხვები.

ბოკერიას აინტერესებდა იცოდა თუ არა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომ სერგეი გავრილოვი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაში მონაწილეობდა და ასევე ინფორმირებული იყო თუ არა მინისტრი საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ სერგეი გავრილოვის მტრული დამოკიდებულებების შესახებ.

გიორგი გახარიამ თქვა, რომ გავრილოვის ვიზიტის შესახებ წინასწარ ინფორმირებული იყო, თუმცა არ იცოდა მისი მტრული დამოკიდებულებების შესახებ. გახარია ცდილობდა რუსი დეპუტატის ქვეყანაში შემოშვება ოკუპაციის შესახებ კანონით აეხსნა, რომ სერგეი გავრილოვს არ დაურღვევია საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ და შესაბამისად არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი ქვეყანაში არ შემოეშვათ. 

ამის პასუხად, გიგა ბოკერიამ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონი და მისი ქვეპუნქტები ჩამოთვალა, რომელიც პირის ქვეყანაში არ შემოშვების საფუძვლებს განმარტავს. კანონის თანახმად, პირი შეიძლება საქართველოში არ შემოუშვან, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში მისი ყოფნა საფრთხეს შეუქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივ წესრიგს ან თუ საგარეო პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა. ბოკერიამ გახარიას ჰკითხა, ეს ორი პუნქტი აძლევდა თუ არა საშუალებას, რომ გავრილოვი საქართველოში არ შემოეშვა, რაზეც გახარიამ თანხმობა განაცხადა. 

პრემიერ-მინისტრს სურდა დამატებით განმარტებები გაეკეთებინა და ვრცელი პასუხები გაეცა დეპუტატის შეკითხვებზე, თუმცა ბოკერიამ ამის საშუალება არ მისცა და სხდომის წამყვანს, სერგი კაპანაძეს უთხრა, გახარიასთვის მიკროფონი გამოერთო, თუ საუბარს არ შეწყვეტდა:

„ჩვენ როცა გეტყვით, მაშინ ისაუბრებთ ვრცლად. ბატონო გიორგი, თუ წესიერად მოიქცევით, მაშინ ჩაგირთავენ მიკროფონს“,- მიმართა ბოკერიამ გახარიას.

ბოლო შეკითხვა რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დაუსვეს, გავრილოვის მსგავსი პოლიტიკური ფიგურის ქვეყანაში შემოშვების სამომავლო პერსპექტივებს უკავშირდებოდა. გახარიამ განაცხადა, რომ რისკების შეფასების შემდეგ გადაწყვეტენ შემოუშვან თუ არა პირი ქვეყანაში.

„დაღვრილი სისხლი და დათხრილი თვალები და კრიზისიც არ აღმოჩნდა საკმარისი ივანიშვილის გუნდის ამ კანდიდატისთვის, რომ ახლა მაინც ეთქვა საზოგადოებისთვის, რომ ხვალ იგივე დანაშაულებრივ შეცდომას არ დაუშვებს. საქართველოს მტრის, რომელმაც გამოიწვია ეს რეაქცია, ეს მძიმე შედეგები დააყენა, შემოშვებას ხვალაც აპირებენ. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, ვინ  წარადგინა პრემიერობის კანდიდატად ივანიშვილმა, ვინც აპირებს, რომ ხვალ მეორე „გავრილოვის ღამე“ მოაწყოს ან მინიმუმ არ გამორიცხავს მას“,-განაცხადა ბოკერიამ.

20 ივნისს, რუსეთის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და იქიდან გახსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია. დეპუტატის საქციელს თბილისში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ მოჰყვა.

20 ივნისის ღამეს სერგეი გავრილოვის გამო, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად, 240 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]