weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არ დავუშვებ კითხვის ქვეშ დადგეს პოლიციის მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულება – ზურაბიშვილი

20:57 პარასკევი, 06 სექტემბერი 2019

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი მის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ზურაბიშვილის თქმით, შეწყალების გამოყენების უფლება უნდა დაიხვეწოს, რათა შემცირდეს ის რისკები, რაც ამ პროცესს ახლავს თან.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნვს, რომ შეწყალების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული დეტალების, გარემოებების და მოტივაციის საჯარო განხილვა ვერ მოხდება.

„ჩემს მიერ გამოცემულმა შეწყალების აქტმა, რომელიც მიღებული იყო სრულიად გულწრფელად და ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშ, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რამეთუ შეწყალების აქტმა, წესით, პრეზიდენტის და საზოგადოების ერთიანი სულისკვეთება უნდა ასახოს და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იქნას გაზიარებული როგორც ჰუმანური აქტი; ის არ უნდა გახდეს მათ შორის უნდობლობის საფუძველი. იმისთვის, რომ სამომავლოდ ასეთი სამწუხარო აცდენა აღარ განმეორდეს, გამოვდივარ პრინციპული ინიციატივით, რათა დავაჩქაროთ ჩემს ადმინისტრაციაში დაწყებული პროცესი და საკანონმდებლო ორგანოსთან და შესაბამის უწყებებთან ერთად დავხვეწოთ შეწყალების გამოყენების უფლება, რათა იგი შენარჩუნდეს როგორც ჰუმანური გამონაკლისი და შემცირდეს ის რისკები, რომლებიც ამ პროცესს ყოველთვის თან ახლდა“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირის შეწყალებაზე ზოგმა რეაქციამ კითხვის ქვეშ დააყენა პოლიციის ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულება.

„არაერთხელ განვაცხადე, რომ პოლიცია სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება, ჩვენი პოლიციელების ერთგულებაზე და თავდადებაზე არის დაფუძნებული. ამიტომ, თუ ჩემი გადაწყვეტილება პოლიციის შეურაცხყოფად იქნა აღქმული, მე მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და დავპირდე მათ, რომ არ დავუშვებ, კითხვის ქვეშ დადგეს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, პოლიციის ინსტიტუტის მიმართ სახელმწიფოს მეთაურის დამოკიდებულება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთ-ერთი შეწყალებული - რამაზ დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, პრეზიდენტის შეწყალების შედეგად კი საპატიმრო 4 წელიწადში დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]