გუშინ, 6 სექტემბერს შემუშავებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის გაფორმებულია შეთანხმება თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ, რომლის ერთ-ერთი პუნქტის თანახმადაც, რუსეთი თავის თავზე იღებს სამხრეთ ოსეთის თავდაცვასა და უსაფრთხოებას, მათ შორის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვას.
გარდა ამისა, დე ფაქტო პარლამენტი ითხოვს საპარლამენტთაშორისო კონსულტაციების გამართვას, რომლის მიზანი იქნება „დაძაბულობის დეესკალაციისთვის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და რესპუბლიკის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება“.
საოკუპაციო ხაზთან ვითარება მას შემდეგაა დაძაბული, რაც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ არ შეასრულა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის პოსტი არ აიღო. 5 სექტემბერს დე ფაქტო ხელისუფლებამ ჩორჩანას მიმდებარე, ოკუპირებულ სოფელ წნელისში ქართული პოლიციის საგუშაგოს თავზე სიმაღლე დაიკავა და სასაზღვრო ნიშანთან ერთად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა აღმართა.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს გუშინ, 6 სექტემბერს, ერგნეთში IPRM-ის ფორმატში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ სტანდარტული პოლიციის საგუშაგო მოწოდებულია მხოლოდ იმისთვის, რომ ადგილზე უზრუნველყოს სტაბილურობა და ხელი შეუწყოს უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებას. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, ამ საკითხზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.