„მე არ ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებას, რა მიზანი ჰქონდა პარლამენტში შეჭრას, მაგრამ ფაქტი არის შემდეგი: ეს იყო ორგანიზებული ჯგუფების მიერ ძალადობრივი მცდელობა შტურმის საშუალებით პარლამენტის შენობაში შეჭრის მაშინ, როდესაც ამ დროს, ღამის საათებში, როდესაც პარლამენტი არ ფუნქციონირებს, იქ იმყოფებოდა უამრავი ადამიანი, რომელსაც პარლამენტის მუშაობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და ამის შემდგომ არსებობდა პოლიტიკური ჯგუფების და პოლიტიკური ლიდერების პირდაპირი მოწოდებები. ისინი ოფიციალურად აცხადებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ „ჩვენ ამ ხალხს ვეღარ ვაკონტროლებთ“.
შესაბამისად, პოლიტიკური შეფასების ნაწილი ძალიან მარტივია - ჩვენ გვქონდა მშვიდობიანი აქცია, რომელიც გარდაიქმნა ძალადობრივად კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მოწოდების შემდგომ, რომელმაც საბოლოოდ მიიღო ორგანიზებული შტურმის სახე პარლამენტის შენობაზე და ამის შემდგომ გვაქვს შედეგი, როდესაც პოლიტიკური ძალები და ლიდერები, რომლებიც ამ აქციის ორგანიზატორები იყვნენ, რომელიც ასეთი სამწუხარო შედეგებით დამთავრდა, არათუ პასუხისმგებლობას არ იღებენ, საერთოდ პასუხისმგებლობაზე საუბარიც არ უნდათ. მათი მხრიდან ძალადობრივი გზით პოლიტიკური ბრძლის დაგმობაც არ მოგვისმენია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ვიდრე პოლიცია აქციის დასაშლელად სპეცაღჭურვილობას გამოიყენებდა, პოლიციელებს „თავადმსხმელებმა 300-ზე მეტი ფარი გასტაცეს, 30-ზე მეტი პოლიციელი იყო გატაცებული, რომელთა მდგომარეობა ბოლომდე არ იყო ცნობილი“. როგორც გახარიამ აღნიშნა, ამ ყველაფერს პოლიცია ორსაათნახევარი ითმენდა.