გახარიას თქმით, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები „თვითონ პოლიციელებში ძალზედ მწვავე განსჯის და კრიტიკის საგანი გახდა“.
„ეს გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ თითოეული პოლიციელი, რომელსაც მოეთხოვება პასუხი, რომელმაც გადაამეტა უფლებამოსილებას და ჩვენ მას პასუხს მოვთხოვთ, ეს სისტემას ვერ დაანგრევს, იმიტომ რომ სისტემა უბრალოდ უკვე არის ჯანსაღი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ დაიწყო თუ არა დევნა, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: საქართველოს ისტორიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთ თანამშრომელზე მსგავს აქციებში მონაწილეობის შედეგად ჩადენილი დანაშაულის დევნა არ დაწყებულა არასდროს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქციის შეწყვეტაში მონაწილე პოლიციელის დევნა დავიწყეთ უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში. სისტემა ამასაც გაუძლებს იმიტომ, რომ ჯანსაღია“, – განაცხადა გახარია.
როგორც მან აღნიშნა, ვერავინ გაუჩენს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპლექსს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ფიზიკური ძალადობისგან არ დაიცვას.
„იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიღაცამ გაგვიჩინოს კომპლექსი, იმისთვის, რომ თავდამსხმელებს და შტურმში მონაწილეებს პოლიციამ წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოს, რომ ხვალ და ზეგ ვიღაცა შემოვარდეს, ან აქ ან სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევენ. მხოლოდ და მხოლოდ მადლობა იმ პოლიციელებს, რომლებმაც შეძლეს და დაიცვეს სახელმწიფო ინსტიტუტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, საქართველოში პოლიტიკური რეალობის შეცვლა ფიზიკური ძალადობით ვეღარ მოხდება.