weather cur horoscope tv
დეკემბერი 30, 2024

აფხაზური არჩევნები - გამარჯვება 40 ათასი ხმით და პოლიტიკიდან განდევნილი 55 ათასი გალელი

14:49 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019
საარჩევნო უბანი გალში. ფოტო: „ნუჟნაია გაზეტა“ საარჩევნო უბანი გალში. ფოტო: „ნუჟნაია გაზეტა“

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ლიდერობს ხმათა 47,38%-ით, რაც 39 741 ამომრჩევლის მხარდაჭერას ნიშნავს. ოპოზიციონერ კანდიდატს ალხას კვიცინიას კი ხმა 46,19%-მა ანუ 38 742 ამომრჩეველმა მისცა. თუ წინასწარი შედეგები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, ხაჯიმბა 40 ათასამდე ადამიანის არჩეული პრეზიდენტი იქნება, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკას მართავს.

ბოლო ოფიციალური აღწერის მონაცემებით, 1989 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა 525 061 ადამიანი იყო. ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად კი აფხაზეთი 1992-1993 წლებში დაახლოებით 250 ათასმა ადამიანმა დატოვა. ეს ციფრები ნიშნავს იმას, რომ თუ ეთნოწმენდამდე არსებული მონაცემებით დავთვლით, რაულ ხაჯიმბას მიერ ამ ე.წ. არჩევნების მეორე ტურში მიღებული მხარდაჭერა მხოლოდ და მხოლოდ 7,5% იქნებოდა.

რის უფლებას აძლევს დე ფაქტო რეჟიმი გალელ ქართველებს?

თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ეს იმ შემთხვევაში, თუ ამ ტერიტორიიდან ქართველები არ იქნებოდნენ გამოდევნილი და მათ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება ექნებოდათ. ამჟამინდელ დე ფაქტო ვითარებაში არა თუ დევნილი, არამედ დღემდე აფხაზეთში მცხოვრები ქართველების მონაწილეობა არ არის დაშვებული შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში - გალის რაიონის დაახლოებით 55 ათასი მცხოვრებიდან საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 954 ადამიანს, მეორე ტურში კი 1008 ადამიანს მისცა. მეორე ტურში, 18:00 საათისთვის მათგან 692-ს ჰქონდა მიცემული ხმა. ამ მონაცემით 55 ათასიანი გალის რაიონი 67,98%-ანი აქტივობით მეორე ტურის მიმდინარეობისას მოწინავე რაიონად დასახელდა.

რის უფლებას აძლევს გალის რაიონის ქართველობას აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი? „რეგინფომ“ მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია თავად გალელებისგან მოიპოვა. ადგილობრივების ინფორმაციით, უმეტესობას არ აქვს ე.წ. აფხაზური პასპორტი და ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც გალის რაიონში ცხოვრებას ადასტურებს, არის ე.წ. ფორმა 9. გალელები ამბობენ, რომ ადგილზე მათი უფლებები მაქსიმალურად არის შეზღუდული.

„აქ მცხოვრები ადამიანები იხდიან ყველანაირ გადასახადს - მიწის, კომუნალურს თუ საშემოსავლო გადასახადს, მაგრამ არანაირი უფლება არ გვაქვს.

ე.წ. ძველი აფხაზური პასპორტებიც კი გაგვიუქმეს, რომლებსაც ვადა ჯერ კიდევ ჰქონდა და უმეტესობას დაგვრჩა მხოლოდ ე.წ. ფორმა 9. ეს არის  ერთადერთი დოკუმენტი, რომლითაც გადავადგილდებით ე.წ. საზღვარზე. მას ვადა მხოლოდ 2 კვირა აქვს და თუ დროულად არ იზრუნებ განახლებაზე, საერთოდ ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე რჩები.

„ფორმა 9“-ის განახლება და დამზადება დე ფაქტო სტრუქტურებისთვის ფულის კეთების ერთგვარი საშუალება გახდა - მის ასაღებად სხვადასხვა ცნობაა საჭირო და მთლიანობაში „ფორმა 9“ დაახლოებით 3000 რუბლი (135 ლარი) ჯდება.

კერძოდ, უნდა წარვადგინოთ ცნობები სხვადასხვა სამსახურიდან, რომ არანაირი საგადასახადო დავალიანება არ გვერიცხება“, - ამბობენ გალელები.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კანონიერებას და ლეგიტიმურობას არ ცნობს და შესაბამისად, არც ამ პროცესში ქართველების ჩართვას მოითხოვს. თუმცა, თავად დე ფაქტო ხელისუფლებამ იცის, რომ გალელების მონაწილეობამ შესაძლოა, ე.წ. არჩევნების ბედიც გადაწყვიტოს, როგორც ეს 2005 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მოხდა, როცა სერგეი ბაღაფშს გამარჯვება სწორედ გალის რაიონის ხმებმა მოუტანა. ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ბაღაფში, რომელსაც მეუღლე ქართველი ჰყავდა, გალელების მხარდაჭერით სარგებლობდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „რეგინფოსთან“ საუბარში ამბობს, რომ გალის რაიონის ქართველები ყოველგვარ ფუნდამენტურ უფლებებს არიან მოკლებულნი:

„დე ფაქტო კანონმდებლობა ამ ადამიანებს სცნობს უცხო ქვეყნის მოქალაქეებად. ეს კი ნიშნავს იმას, რომ გალის რაიონის მცხოვრებთ, რომელთა სავარაუდო რაოდენობა 55 ათასიდან 60 ათასამდეა, არ შეუძლიათ ისეთი ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობა, როგორიცაა ეკონომიკური აქტივობა, უძრავი ქონების ფლობა და განკარგვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა, სიტყვის თავისუფლება, სოციალური, პოლიტიკური თუ ქორწინების რეგისტრაციის უფლებები.

გალელებს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის უფლებაც კი არ აქვთ, გაიცემა მხოლოდ ცნობა ბავშვის დაბადების შესახებ.

ჯემალ გამახარია ასევე აღნიშნავს, რომ გალის რაიონის მოსახლეობას ხშირად სხვადასხვა მიზეზით ეზღუდება გადაადგილების უფლება ერთადერთ გადასასვლელზე - ენგურის ხიდზე. ამჯერად ძალაში რჩება დაახლოებით ერთი თვის წინ, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა, რომლის მიხედვითად ენგურის ხიდზე გადაადგილება 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებს აკრძალული აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ მონაწილეობენ, გალელები ელოდნენ, რომ მეორე ტურის შემდეგ ეს შეზღუდვა მოიხსნებოდა, თუმცა, ვითარება ჯერჯერობით უცვლელი რჩება.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პოლიტიკა უგუნური და პირდაპირ ანტიქართულია.

„გალელებს ე.წ. ახალ აფხაზურ პასპორტებს იმ შემთხვევაში აძლევენ, თუ ისინი დაადასტურებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ქართული კანონმდებლობით კი ადამიანი ვერ დატოვებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ ის არ გახდება სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რაც აფხაზეთის შემთხვევაში გამორიცხულია. სხვათა შორის, ის, რომ ამ მიზეზით პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არ შეუძლიათ, გალელებს ნაკლებად აწუხებთ. მათ ე.წ. პასპორტების უქონლობა პრობლემას უფრო მეტად უქმნის უძრავი ქონების ფლობის კუთხით - უშუალო მფლობელს პრობლემას არავინ შეუქმნის, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება, უძრავი ქონება მაგალითად, მემკვიდრეობით გადასცენ შვილს ან გაყიდონ. თუმცა,

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის გალელი ქართველების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქონებრივი უფლებებისა.

აფხაზებს დიდად არ ადარდებთ გალელების ქონება და სახლები. გულრიფშის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებიც ფაქტობრივად, გაუკაცრიელებულია და თუ ასე გააგრძელეს, შეიძლება, გალში ახალი ოჩამჩირე მიიღონ“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

დავუბრუნდეთ ისევ 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს - იმის მიუხედავად, რომ საბოლოო შედეგები ჯერ კიდევ არ დაუთვლიათ, დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩეულ ე.წ. პრეზიდენტად რაულ ხაჯიმბა უკვე გამოაცხადა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]