„საქართველო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ნატო-სთან თავსებადობა ჰქონდეს მაღალი. ჩვენთვის მისაღები არის ის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს სრული ტერიტორიის ფარგლებში. ამიტომ სპეკულაციები და კუდის მობმები ამ Tემაზე, სრულიად არასწორად, არის ზედმეტი და ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, ანდერს ფოგ რასმუსენის გუშინდელი განცხადება ნატო-ს ოფიციალური შემოთავაზება არ არის.
„ეს არ ყოფილა ოფოციალური წარმომადგენელი, რომელმაც ოფიციალური კომენტარი გააკეთა. მან სამსჯელოდ აზრი შესთავაზა საქართველოს, ასე ვთქვათ. მეტი არაფერი. საზოგადოებას არ სჭირდება ამაზე ღელვა და ნერვიულობა“, – აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.
თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მე-5 საერთაშორისო კონფერენციაზე, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მე-5 მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. რასმუსენის თქმით, იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატო-შიც, თუმცა პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას.
„ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.