weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რასმუსენმა ქართველების სათქმელი თქვა - პაატა ზაქარეიშვილი

18:37 ოთხშაბათი, 11 სექტემბერი 2019

ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ შემოთავაზებულ თემაზე მსჯელობა საქართველოში აქამდეც უნდა დაწყებულიყო. ასე აფასებს ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის მიერ,  ნატოში საქართველოს შესვლის შესაძლო სცენარის შესახებ გაკეთებულ განცხადებას კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

„ამ ფორმით მან ქართველების სათქმელი თქვა. მე მივესალმები რასმუსენის შემოთავაზებას - ქართველებო, ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდით, რა გინდათ. ის გვკარნახობს ერთ-ერთ ვარიანტს და თუ გვინდა დაფიქრება, დავფიქრდეთ, თუ არა და წამოვწვეთ ისევ ლუარსაბ თათქარიძის ტახტზე და ველოდოთ სხვა შემოთავაზებებს. ნატოს თბილისში აქვს ოფისი და კარგად ხედავს, რომ ამჟამად აქ არც ნატოში, არც ევროკავშირში გაწევრიანებაზე და კონფლიქტების მოგვარებაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. ველოდებით, რომ ჩვენს ნაცვლად ვინმე კეთილი ბიძია მიიღებს გადაწყვეტილებას ვაშინგტონში, ვენაში ან ბრიუსელში, ზოგი მოსკოვსაც შეიძლება გულისხმობდეს. ეს მსჯელობა კი თბილისში უნდა ხდებოდეს", - უთხრა პაატა ზქარეიშვილმა „რეგინფოს“.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ ფართო საზოგადოებრივი განხილვა სხვადასხვა სახით უნდა წარიმართოს:

„საზოგადოებაში მსჯელობა უნდა იყოს კონფერენციების სახით, იქნება ეს საერთაშორისო თუ შიდაქართული, ასევე მედიის საშუალებით - უნდა მოიწვიოთ სხვადასხვა მოსაზრებების მქონე სეპციალისტები, ექსპერტები, პოლიტოლოგები, ეკონომისტები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები. საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად არანაირი პლებისციტი არ არის საჭირო. პოზიცია განხილვების შედეგების მიხედვით, როცა ვითარება მომწიფდება, იმ დროის მთავრობამ უნდა ჩამოაყალიბოს.“

ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ რასმუსენის მიერ შემოთავაზებული სცენარის შემთხვევაში რუსეთი, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები წამოიწყებენ პროგანდას, რომ საქართველომ ამ დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარების პროცესი დაიწყო. თუმცა, მისივე ვარაუდით, მალევე გახდება ნათელი, რომ ეს მოსაზრება უსაფუძვლოა. 

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ეძლევა შანსი, რუსეთი პოლიტიკის შეცვლაში ჩართოს:

„ბუნებრივია, რუსეთს არ უნდა ნატოში საქართველოს გაწევრიანება. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რასმუსენის გაჟღერებულ ვერსიას დაუშვებს, ამ თემის მართვაში უპირატესობას ვიღებთ. ჩვენ მკაფიოდ უნდა ვუთხრათ რუსეთს, რომ მაინც მივდივართ ნატოში და მას აქვე შანსი, ხელი არ შეგვიშალოს ხელი აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობებში და ჩვენ ნატოში წავალთ, როგორც რუსეთის მეგობარი ქვეყანა, თურქეთის მსგავსად. ანუ რუსეთს ვიწვევთ, მიიღოს გადაწყვეტილება - როგორი სახელმწიფო ურჩევნია, იყოს ნატოში საქართველოს სახით - მეგობარი თუ მტრული“. 

ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსისთვის“ 10 სექტმებერს მიცემულ ინტერვიუში ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივნმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]