– რას ნიშნავს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის შემოთავაზება და რატომ არის ეს წინადადება ხელსაყრელი საქართველოსთვის?
– ეს შეთავაზება გულისხმობს იმას, რომ საქართველო გაწევრიანდება ნატო-ში საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში (აფხაზეთის და ცხინვალის ჩათვლით), უბრალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნატო დროებით არ მიმართავს სამხედრო ქმედებას, ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ გამოიწვევს ავტომატურად სამხედრო კონფლიქტს ნატო-ს და რუსეთს შორის და არ დაიწყება მესამე მსოფლიო ომი.
ეს წინადადება ერთადერთი პრაგმატული გამოსავალია, რაზეც შეიძლება ნატო-ს წევრები დათანხმდნენ, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.
ამის გარანტიაც არ არსებობს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, მაგრამ თეორიულად ეს არის ყველაზე მისაღები გამოსავალი, რაზეც შეიძლება ნატოს წევრები წამოვიდნენ.
– როდესაც საუბრობენ ამ სცენარზე მოიხმობენ გერმანიის, თურქეთის და საბერძნეთის მაგალითებს, მაგრამ უფრო ხშირად გერმანიის. იქვე დასძენენ, რომ სცენარი არ არის აბსოლუტურად იდენტური. იქნებ ავხსნათ ეს განსხვავებები და როგორ აისახება სხვაობა საქართველოს პერსპექტივაზე ამ სცენარით გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა?
– „გერმანულ მოდელს“ უწოდებენ იმიტომ, რომ პრინციპი არის ერთი და იგივე. ჯერ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა გახდა ნატო-ს წევრი, გერმანიის ნაწილი ოკუპირებული იყო საბჭოთა კავშირის მიერ და 90-იანი წლების გაერთიანების შედეგად, მთლიანი გერმანია გახდა ნატო-ს წევრი. აღმოსავლეთ გერმანია მიუერთდა დასავლეთ გერმანიას ნატო-ში. პრინციპი იგივეა, რასაც ჩვენ გვთავაზობენ. გერმანიის შემთხვევაში საერთაშორისო სამართლის მხრივ უფრო რთული სიტუაცია იყო, იმიტომ რომ აღმოსავლეთ გერმანია გაეროს წევრი გახლდათ. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის და რამდენიმე სახელმწიფოს გარდა, არავის უღიარებია. ამ მხრივ საქართველო პირიქით, უკეთეს ვითარებაშია.
კიდევ იყო მსგავსი მაგალითები, თუნდაც ბრიტანეთი და ფოლკლენდის კუნძულები. ბრიტანეთი ნატო-ს წევრი იყო, ფოლკლენდის კუნძულები არა და იგი არ ხვდებოდა ნატო-ს მეხუთე მუხლის საფარქვეშ. შესაბამისად ბრიტანეთს თავად მოუწია არგენტინასთან სამხედრო კონფლიქტის მოგვარება. დიახ, არის მაგალითები, რომლებიც საფუძვლად შეიძლება დაედოს ასეთ ფორმულას.
დღეს, ზოგადად, სკეპტიკური ფონია საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მიმართ და ეს მაგალითები შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს მეგობრების მიერ სკეპტიკური ხმების დასარწმუნებლად, განსაკუთრებით ევროკავშირში და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
– ჩვენ გვახსოვს „Heritage Foundation“-ის მიერ გამოქვეყნებული ნარკვვი, რომელიც ეკუთვნის ლუკ კოფის და მასში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების იგივე სცენარია განხილული. მაშინ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ თქვა, რომ ეს სცენარი არარეალისტურია. დღეს, როდესაც ამ სცენარზე თუნდაც ყოფილი, მაგრამ მაინც ნატო-ს გენერალური მდივანი საუბრობს, ნიშნავს, თუ არა რომ დასავლეთში მეტი მზაობაა ამ სცენარისთვის, ვიდრე ვთქვათ თუნდაც ერთი წლის წინ იყო?
– ჯეიმს აპატურაი მაინც ნატო-ს ოფიციალური წარმომადგენელია და ის გახსნილად ვერ ისაუბრებდა. მან წარმოაჩინა ნატო-ს ოფიციალური პოზიცია. ანდერს ფოგ რასმუსენი ზოგადად ყოველთვის გამოირჩეოდა პროქართული პოზიციით, თუნდაც სხვა ყოფილ გენერალურ მდივნებთან შედარებით. რომ ნახოთ იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებები [სხეფერი ნატო-ს მე-11 გენერალური მდივანი იყო 2004-2009 წლებში], ის კიდევ უფრო კრიტიკულია საქართველოს და უკრაინის მიმართ და უფრო იზიარებს რუსეთის პოზიციას, რომ დასავლეთმა უნდა აღიაროს რუსეთის ინტერესები ამ რეგიონში.
ეს დისკუსიები მიმდინარეობს. არ ვიცი, ერთი წლის განმავლობაში რამდენად შეიცვალა ფონი ევროპაში და ამერიკაში, მაგრამ თავისთავად დისკუსიის მიმდინარეობა და ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ჩართვა ნიშნავს, რომ დასავლეთის წრეებში მეტ-მაკლებად განიხილება შესაძლებლობა, რომ საქართველომ ხელი უნდა ჩასჭიდოს ამ იდეას და ეს ერთ-ერთი პრაგმატული გამოსავალია ჩვენთვის ნატოში გასაწევრიანებლად.
– ჩვენ ვიცით, რომ ნატო-ს შიგნით ძალიან ბევრი ქვეყნაა, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ნატო-ში მიიღონ ისეთი ქვეყანა, რომელიც რუსეთის მეზობელია. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს საერთაშორისო თანამეგობრობისგან, ვგულისხმობთ ნაკლები სკეპტიციზმით განწყობილ ქვეყნებს, და თავად საქართველოს მხრიდან, რომ ამ იდეას განხორციელების რეალური შანსი მიეცეს?
– რთული საკითხია. ეს არის პოლიტიკური კონიუქტურის საკითხი. ტექნიკურად ჩვენ ნატო-ში გაწევრიანების პრობლემა არ გვაქვს, ვაკმაყოფილებთ ყველა პირობას. ამ ეტაპზე სკეპტიკური აზრი უფრო სჭარბობს როგორც ევროპაში, ისე ამერიკის შეერთეული შტატების ადმინისტრაციაში ზოგადად რეგიონთან მიმართებაში. საქართველომ უნდა განაგრძოს ფაქტობრივი ინტეგრაცია ნატო-სთან, თუნდაც ტექნიკურ დონეზე. ადრე თუ გვიან დადგება პოლიტიკური საკითხი და როცა ეს მოხდება, არ უნდა არსებობდეს კითხვის ნიშნები სხვა სფეროებში, საქართველო მზად არის თუ არა ნატო-ში გასაწევრიანებლად, იგივე დემოკრატიის თუ ადამიანის უფლებების კუთხით. საქართველომ კი დასავლელ პარტნიორებთან უფრო გაბედულად უნდა იმუშაოს და უფრო მეტად უნდა წარმოაჩინოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილი.
იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ნატო-ში ამგვარი სცენარით გაწევრიანების გეგმა რეალისტურ კონტურებს შეიძენს, თუ არსებობს საფრთხე რუსეთისგან?
– თუ სხვა მაგალითებს და ისტორიას შევხედავთ, ზოგადად ნატო-ში გაწევრიანება ამცირებს რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს.
აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქვეყანა გაწევრიანებულიყოს ნატოში ან მტკიცედ დამდგარიყო ნატო-ს გზაზე, იგივე წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების კუთხით და შემდეგ რუსეთს დაეწყო ახალი კონფლიქტი ან ახალი სამხედრო დაპირისპირება გაეღვივებინა ამ ქვეყანაში.
მკაცრი ხელის პოლიტიკა რუსეთთან უფრო ჭრის, ვიდრე დაშოშმინების პოლიტიკა. გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება, მაგრამ როგორც ისტორია გვიჩვენებს, ნატო-ში გაწევრიანება ამცირებს რუსეთისგან მომდინარე სამხედრო საფრთხეებს.
– გაწევრიანება რომ ამცირებს ეს გასაგებია, უბრალოდ ამ გზაზე ხელშესახები წინსვლის შემთხვევაში რა ხდება, ეს არის მნიშვნელოვანი....
– თუნდაც სამოქმედო გეგმის მქონე ქვეყნებთანაც რუსეთს არ დაუძაბია ურთიერთობა, იგივე ბალკანეთში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. თუმცა საქართველოს და უკრაინას ალბათ, უფრო განიხილავს თავისი ინტერესების სფეროში, ვიდრე ბალკანეთის ქვეყნებს, მაგრამ მაინც, ნატო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიას თუ გადავხედავთ, არც ბალკანეთის და არც ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსეთს არ გამოუყენებია სამხედრო რესურსები, როცა ქვეყნებს ჰქონდათ მაპ-ი ან იყვნენ კანდიდატი ქვეყნები.
– ანდერს ფოგ რასმუსენმა თქვა, რომ საკითხის შესახებ ქვეყნის შიგნით უნდა დაიწყოს მსჯელობა. უკვე მოვისმინეთ განცხადებები, მათ შორის პოლიტიკოსებისგან, რომ საქართველო აფხაზეთზე და ცხინვალზე ნატო-ს წევრობის სანაცვლოდ უარს არ იტყვის. ამ წინადადების იმგვარი ინტერპრეტაცია ხდება, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტულ ნარატივს ემთხვევა, რომლის თანახმადაც საქართველო თუ ნატო-ში შევა, ქვეყანა ოკუპირებულ რეგიონებს დაგარკავს. თქვენი აზრით, როგორ უნდა დაიწყოს ქვეყნის შიგნით მსჯელობა, რა ფორმა უნდა ჰქონდეს და საზოგადოებრივი კონსენსუსი რა ფორმით უნდა შედეგეს, რომ ამ იდეის უკან ლეგიტიმაცია ჩანდეს?
– ჯერ მაინც უნდა დაველოდოთ უფრო მაღალ დონეზე ავა თუ არა ამ თემაზე საუბარი ნატო-ს და ევროკავშირს შიგნით, თუ დარჩება ექსპერტების დონეზე, მაშინ ალბათ, აზრიც არ აქვს. თუ სერიოზულად დადგება ეს საკითხი, სწორი საინფორმაციო პოლიტიკის საშუალებით, ეს არ უნდა იყოს პრობლემა. უნდა განემარტოს მოსახლეობას, რომ ჩვენ არ ვამბოთ უარს ამ ტერიტორიებზე, უბრალოდ საქართველოს ნატოში შესვლა ავტომატურად არ გამოიწვევს ომის განახლებას აფხაზეთსა და ოსეთში. ეს პრინციპში საქართველოს მოსახლეობის ინტერესშიც შედის, რომ თავიდან არ დაიწყოს შეიარაღებული კონფლიქტი. საქართველოს მთავრობის მიდგომაც იგივეა, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანი გზით სურთ. ნატო-ც იგივეს ამბობს და აქ არის თანხვედრა. სწორი საინფორმაციო პოლიტიკის საშუალებით, შიდაპოლიტიკური ლეგიტიმაციის პრობლემა არ უნდა შეექმნას ამ მოდელს, თუ რა თქმა უნდა, მთავრობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სწორად მიაწვდის ინფორმაციას მოსახლეობას.
* ბიძინა ლებანიძეს მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებებში, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში და მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად ის არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი ანალიტიკოსი, ბრემენის უნივერსიტეტის მკვლევარი და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.