weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სამხრეთ ოსეთს ცნობენ სახელმწიფოდ - დე ფაქტო რეჟიმი რასმუსენის სცენარზე

11:00 ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019
ფოტო: ალან ჯუსოითი ფოტო: ალან ჯუსოითი

ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გაჟღერებულ სცენარს ნატოში საქართველოს შესვლის შესახებ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება გამოეხმაურა. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ალან ჯუსოითის განცხდებით, ამ სცენარის მიხედვით მოხდება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სახელმწიფოებად ცნობა.

ჯუსოითიმ აღნიშნულ თემაზე ტელერადიოკომპანია „ირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. იგი ინტერვიუს დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ რასმუსენი ნატოს არა მოქმედი, არამედ ყოფილი ხელმძღვანელია, თუმცა „უბრალო ადამიანი არც ის არის“ და მხოლოდ თავის აზრს არ იტყოდა.

„ის პოზიცია, რომელიც რასმუსენმა გააჟღერა, ახალი არ არის. ასეთი იდეა იყო და ამის შესახებ დაახლოებით 10 წლის წინ მსმენია. მან ეს ძალიან დიპლომატიურად თქვა. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე“ სწორი არ არის. გითარგმნით: აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ცნობენ ტერიტიორიებად, სახელმწიფოებად, საქართველო შედის ნატოს შემადგენლობაში და იწყება რაღაც ურთიერთდამოკიდებულება, ურთიერთქმედება სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, როგორც დამოუკიდებელ ტერიტორიებთან“, - განაცხადა ჯუსოითიმ.

მისივე ვარაუდით, მოვლენების ამგვარი განვითარება ძირეულად შეცვლის შიდაპოლიტიკურ სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით:

„ეს იქნება სრულიად სხვაგვარი სიტუაცია. რამდენად არის საქართველო ამისთვის მზად? რაკი რასმუსენმა გააჟღერა ეს საქართველოში, ესე იგი ამის შესახებ კულუარულად რაღაც საუბრები მიმდინარეობს არა ერთი კვირის განმავლობაში, არამედ საკმაოდ დიდი ხანია. რაში გადაიზრდება ეს? შეიძლება, არც არაფერში. შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ რასმუსენის სიტყვები გაისმა, შეხედავენ რეაქციას, თავისთვის დასკვნებს გააკეთებენ. თუ ეს თემა არ გაგრძელდება, მაშინ დაივიწყებენ მას.“

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 10 სექტემბერს განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მე-5 მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. რასმუსენის თქმით, იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატო-შიც, თუმცა პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას.

„ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]