„ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება, უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია, იქნება ლიდერების პარტია. ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის ან ბადრი ჯაფარაძის პარტია. ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა, მწყობრად აწყობილი, კონკრეტული მიზნით, შედეგზე ორიენტირებული.
მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, რადგან ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან, ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, რათა ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად გამოვა მდგომარეობიდან ან ვიქნებით ამ ჭაობში. ეს მენტალური ჭაობია.
მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია – 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო, 12 კაცს ლიდერს და 12 ქალს ლიდერს რაიონში, რადგან ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, თითოეულის გადასარჩენია. ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს.
112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა, დამერწმუნეთ. დღესაც 12 რიცხვია. ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს, ინჟინერს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, რომ ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე გალაკტიონ ტაბიძის ლექსის „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ ნაწყვეტი წაიკითხა:
„ორ ზღვას შუა ძველისძველად
საომარი იყო ლელო -
ის გადარჩა და სახელად
ეწოდება საქართველო.
მშობლიურო ჩემო მიწავ,
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ,
რომ დავიცავ შენს დიდებას,
წინაპართა ძვლებს დავიცავ!“
მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ საჯაროდ პირველად მიმდინარე წლის ივლისში განაცხადა. დაახლოებით ორ კვირაში მას და „თიბისი ბანკის“ კიდევ ერთ დამფუძნებელს, ბადრი ჯაფარიძეს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის წარუდგინა. საქმე 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანზაქციას ეხება, რომელზეც გამოძიება პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, მილიონ-მილიონი ლარის შეფარდებას მოითხოვა. 26 ივლისს, თბილისის საქალაქო სასმართლომ ბრალდებულბეს 700-700 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.
მამუკა ხაზარაძემ მის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნა არაერთხელ შეაფასა ხელისუფლების მიზანმიმართულ მცდელობად, შეჩერდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება.