weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რასმუსენის სცენარი აფხაზებისთვის დამოუკიდებლობის ცნობას ნიშნავს - ინალ ხაშიგი

12:56 ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019
ფოტო: ინალ ხაშიგი ფოტო: ინალ ხაშიგი

ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ შემოთავაზებულ, ნატოში საქართველოს გაწევრიანების სცენარს აფხაზეთში დამოუკიდებლობის ცნობის შესაძლებლობად აფასებენ. ამის შესახებ „რეგინფოს“ აფხაზმა ექსპერტმა და ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა განუცხადა.

„ჩვენ სიხარულით მივიღებთ მოვლენების განვითარების ამ ვარიანტს. ამ სცენარის განხორციელება აფხაზეთში აღქმული იქნება საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებად. თუმცა, არ ვიცი, ამისთვის საქართველო მზად რამდენად არის.

რასმუსენს ასე ნათლად არ უთქვამს, რომ საქართველომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა სცნოს. თუმცა, ქვეტექსტი იყო ასეთი - თბილისმა უნდა აირჩიოს, რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის - ნატო და საქართველოს უსაფრთხოება იმ საზღვრებში, რომლებშიც დღეს არსებობს, თუ უსასრულობამდე ითამაშოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემაზე და ამასთან, არ ჰქონდეს უსაფრთხოების არანაირი გარანტია. რასაც რასმუსენი ამბობს, ეს არის არსებული მდგომარეობის ფიქსაცია. ვფიქრობ, მან საქართველო არჩევანის წინაშე დააყენა. რასმუსენის ეს განცხადება აფხაზეთში შეაფასეს, როგორც არსებულ რეალიებთან ახლოს მდგომი. ეს რაციონალური წინადადებაა,“ - ამბობს ინალ ხაშიგი.

ამასთან, აფხაზი ექსპერტი აღნიშნავს, რომ რასმუსენის მიერ შემოთავაზებული სცენარის განხორციელების შემთხვევაში აფხაზეთი გაუთვალისწინებელი მოვლენებისგან მეტად იქნება დაზღვეული:

„აფხაზები ამ ვერსიას დადებითად ვიღებთ კიდევ იმ მიზეზით, რომ ნატო პირდაპირ ჩვენს საზღვრებთან იქნება და ეს ჩვენთვის უფრო გარანტირებულს გახდის იმას, რომ საქართველოს მხრიდან არ იქნება გაუთვალისწინებელი სიტუაციები. არ მოხდება ის, რაც მოხდა სამხრეთ ოსეთში 2008 წელს.

საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობაში თავად ნატოს კოლექტიური პასუხისმგებლობა თავის როლს ითამაშებს“.

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 10 სექტემბერს განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მე-5 მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. რასმუსენის თქმით, იგივე კითხვას უნდა უპასუხონ ნატო-შიც, თუმცა პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას.

„ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

რასმუსენის განცხადებას 11 სექტემბერს გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი. მისი შეფასებით, აღნიშნული საკითხის ამჟამად განხილვას აზრი არ აქვს. აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატო-ს ინტერესს ამასთან დაკავშირებით ვერ ხედავს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]