„როგორც ჩანს, თბილისში ბოლომდე ვერ გაიაზრეს, რომ სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების გარანტი ბირთვული სახელმწიფო - რუსეთია“, - ნათქვამია სტატიაში.
აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთის ხალხის მიმართ საფრთხეების გასანეიტრალებლად, რომლებიც „ამავდროულად რუსეთის მოქალაქეები არიან“, ყველა გადაუდებელ და ამომწურავ ზომას მიიღებს.
„იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ უკუაგდებს აგრესიულ რიტორიკას, არ გაიგებს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და არ შეწყვეტს იარაღის ღჟარუნს, არსებობს დიდი ალბათობა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსული არმიის 71-ე მოტომსროლელი პოლკის მებრძოლების მიერ გორის სამხედრო ქალაქის კედელზე დატოვებული წარწერა რეალურ სახეს მიიღებს“, - ნათქვამია სტატიაში და ილუსტრაციად რუსი სამხედროების ფოტოა დართული, რომელიც სავარაუდოდ, რუსეთ-საქართველოს ომის დროსაა გადაღებული.
სტატიაში მოყვანილია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაცია, რომ ე.წ. საზღვარის სხვადასხვა მონაკვეთზე ქართული პოლიციის პოსტების აღჭურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო რიგ საგუშაგოებზე პირადი შემადგენლობის რაოდენობა გაიზარდა.
მასალაში აღნიშნულია ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გაჟღერებული, ნატოში საქართველოს შესვლის სცენარიც, რომლის მიხედვითაც ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდება.