weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტის კომიტეტმა ოკუპაციის აქტუალიზაციაზე პროექტს მხარი არ დაუჭირა

15:34 ორშაბათი, 16 სექტემბერი 2019
ფოტოზე თამარ ხულორდავა ფოტოზე თამარ ხულორდავა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტს, რომელიც საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციას ეხება.

კომიტეტის წევრის, გია გაჩეჩილაძის შეფასებით, დადგენილების შინაარსი პროვოკაციულია და პირადაპირ გამოიწვევს „საქართველოში ეკონომიკურ კოლაფსს, მით უმეტეს, რომ რეზოლუციის განხილვა რთველის პერიოდში ხდება“. კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ კი აღნიშნა, რომ საქართველოს „ძალიან რთული ურთიერთობები აქვს ძალიან არაპროგნოზირებად და აგრესიულ მეზობელთან და ამ გზაზე დამატებითი დაბრკოლებების შექმნა საჭირო არ არის“.

„ჩვენი უპირველესი ინტერესი ჩვენი საზოგადოების მშვიდობიანი, ნორმალური განვითარების უზრუნველყოფაა. ამის მიღწევა ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგია და უზრუნველყოფილია ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ურთულეს პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული მსხვერპლი და უბედურებები, რომლებიც ხდება, მაგრამ ეს არ არის ისეთი ფართომასშტაბიანი დამანგრეველი კონფლიქტი, რომელიც თქვენ ვერ აიცილეთ თავიდან მაშინ, როცა ეს მოხდა.

ახლა სადავეები არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელში, ჩვენ ვართ მშვიდობის მხარეს; ვართ იმის მხარეს, რომ მშვიდობიანად, პრაგმატული, სწორი მაგრამ პრინციპული ნაბიჯებით ვიაროთ იმ მიზნისკენ, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნიდ დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ საკითხზე დავის გაგრძელებას აზრი არ აქვს“, – განაცხადა ხულორდავამ.

მისივე თქმით, დადგენილების პროექტის განხილვა პარლამენტის სხვა კომიტეტებში გაგრძელდება.

„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში დაარეგისტრირა დადგენილების პროექტი „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე“. პროექტის თანახმად, მთავრობას დაევალება მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაო, რათა: 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა მოხდეს და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში; 2. ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ შევიდეს; 3. ევროპის კავშირმა და აშშ-მა სანქციები შემოიღონ ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]