„ჩემთვის ნიშანდობლივია, რომ ხშირად ამ ტიპის აჟიოტაჟები აქ, ამ შემთხვევაში მე საზოგადოების აზრი მაწუხებს, თორემ ის მედია აჟიოტაჟი, რაც ხდება რეგულარულად ჩემი რომელიმე უცხოეთში წასვლის წინ, ან დაბრუნებისას, ან წარმატებული ვიზიტის დროს, არის ქვეყნისთვის ძალიან დამაზარალებელი. ახლა სწორად ამ კვირის ბოლოს მივდივარ გაერო-ში, სადაც უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და იმედი მაქვს რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი იქნება ეს არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის.
ეს უნდა შევიგნოთ, რომ როცა მე ვარ უცხოეთში, არ ვარ მე, არამედ საქართველოს წარმომადგენელი და საქართველოსთვის კეთდება საქმე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ბოლო რამდენიმე კვირაა საქართველოს პრეზიდენტს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტის გამო აკრიტიკებენ. 28 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილმა 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. 17 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ზურაბიშვილმა მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი – ზურაბ ნადირაძე შეიწყალა.
პრეზიდენტმა შეწყალების კომისია მიმდინარე წლის დასაწყისში გააუქმა.