„შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების ასე მსგავსი შეწყალება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა - გამოაცხადა მორატორიუმი. უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და რა თქმა უნდა, რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს, იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობისთვის მსჯავრდებული ადამიანები, ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებულები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, სალომე ზურაბიშვილმა 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. 17 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ზურაბიშვილმა მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი – ზურაბ ნადირაძე შეიწყალა.
პრეზიდენტმა დღეს, 18 სექტემბერს განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებებზე მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი. პრეზიდენტის თქმით, შეწყალების წესები დასახვეწია, ამ პროცესის დასრულებამდე კი შეწყალების აქტს აღარ გამოსცემს.