weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

შეწყალების საკითხები ფულით გვარდება – „ევროპული საქართველოს“ წყარო

16:44 ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2019

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, წყარომ მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები უშუალოდ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შუამდგომლობით გვარდება.

როგორც ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, მათი წყარო ამბობს, რომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული პირები უკავშირდებიან დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, „ანუ რა ფასად შეიძლება იყოს ესა თუ ის პირი შეწყალებული“.

„ამ წყაროს არა აქვს ინფორმაცია კორუფციულ საკითხებს გადის თუ არა დიმიტრი გაბუნია სალომე ზურაბიშვილთან ერთად, მაგრამ აქვს ვარაუდი, რომ პრეზიდენტის გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება არის შეუძლებელი. სწორედ ეს ინფორმაცია მივიღე გაუთქმელობის დაპირებით“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

„ევროპული საქართველო“ პროკურატურას მოუწოდებს, გადაამოწმოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შესაძლო კავშირები შეწყალებული მსჯავრდებულების ოჯახებთან და მათ ადვოკატებთან.

„თუ გენერალურ პროკურატურას პოლიტიკური ნება არ ეყოფა, რომ რეალური ნაბიჯები გადადგას და გამოიძიოს აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობა, მაშინ „ევროპული საქართველო“ გამოვა ინიციატივით, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და ჩვენ, დეპუტატებმა გამოვიძიოთ აღნიშნული გარემოებები“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულის გამო მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი შეიწყალა, დღეს გამართულ ბრიფინგზე სპეკულაცია უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ შეწყალების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი საპარლამენტო მდივანი იყო ჩართული. სალომე ზურაბიშვილის თქმით, დიმიტრი გაბუნიას „არც კომპეტენციით და არც არანაირად არ ეკუთვნოდა ამ პროცესში ჩართვა“.

„მისგან არ მიმიღია არც რჩევა არანაირი, არც თვითონ არ უკითხავს მისთვის, რას ფიქრობდა რომელიმე გადაწყვეტილებაზე. არ არის მისი კომპეტენცია. ეს სპეკულაციები უნდა გათავდეს, მასზე თუ ვინმე სხვაზე ჩემს ადმინისტრაციაში, რამეთუ კიდევ ერთხელ, მე ვარ, მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი და არ მინდა ვინმე სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად 2018 წლის დეკემბერში დაინიშნა. მანამდე ის საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა და რამდენიმე გახმაურებულ საქმეში იყო ჩართული. გაბუნია იცავდა „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (Cida) ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს ზვიად დევდარიანს, რომელიც ქალებმა სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]