weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქუთაისის უნივერსიტეტში სტუდენტები 2020 წლის სექტემბერში შემოაბიჯებენ – ივანიშვილი

17:30 ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2019

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში მძლავრი ტექნოლოგიური საგანმანათლებლო კერის შექმნაზე ჯერ კიდევ 11 წლის წინ დაიწყო ოცნება, საზოგადოებას მისი აშენება 2012 წელს დაპირდა, 2020 წელს კი მშენებლობა დასრულდება.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა გაავრცელა, უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რომ განათლება ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ჰაერი და წყალი. მხოლოდ განათლებაა ის იარაღი, რითაც ჩვენი ახალგაზრდობა შეძლებს დიდების დღეები აღუდგინოს ჩვენს სამშობლოს. ჩვენნაირი ქვეყნისთვის სწორედ განათლება წარმოადგენს იმ მთავარ რესურსს, რომელსაც განვითარების სტრატეგია უნდა დაეფუძნოს.

ჯერ კიდევ 11 წლის წინ, მე და ჩემმა ოჯახმა დავიწყეთ ფიქრი და ოცნება, საქართველოში შეგვექმნა თანამედროვე და მძლავრი ტექნოლოგიური საგანმანათლებლო კერა, რომელიც გარღვევას მოახდენდა ქართულ სასწავლო და სამეცნიერო სივრცეში.

2012 წელს, საჯაროდ დავპირდი ქართულ საზოგადოებას, რომ ქუთაისში ავაშენებდით უნივერსიტეტს და ამ ქალაქს საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას დავუბრუნებდით. დღეს ყველანი ვხედავთ, რომ მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება და გაისად, 2020 წლის სექტემბერში, ამ შენობაში პირველი სტუდენტები შემოაბიჯებენ.

ეს რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, თუმცა, დღეს ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ კიდევ ერთი უნივერსიტეტი, არამედ უმაღლესი განათლების ისეთი კერა, სადაც სწავლის ხარისხი შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და ეს აღიარებული იქნება საერთაშორისო დონეზე. სწორედ ამიტომ, ამ სფეროს საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად, რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და მნიშვნელოვან შედეგსაც მივაღწიეთ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისში გვექნება საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის მენეჯმენტის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი მთლიანად შესაბამისობაში იქნება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მართვის სისტემასთან, რომელთანაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2017 წლიდან თანამშრომლობს.

გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს ისეთ წამყვან სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან, როგორიცაა იულიხის კვლევითი ცენტრი, აახენის უნივერსიტეტი და რენის უნივერსიტეტი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფონდი „ქართუ“ უკვე რამდენიმე წელი მუშაობს საქართველოში ადრონული ამაჩქარებლის პროექტზე და ამ მიზნით თბილისსა და ქუთაისში იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ეს გახლავთ ურთულესი მაღალტექნოლოგიური პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებას ესაჭიროება სათანადო სამეცნიერო-კვლევითი ბაზა, რაც გულისხმობს როგორც ინფრასტრუქტურას, ისე შესაბამისი კადრების მომზადებას.

ფონდი ეტაპობრივად ახორციელებს დასახულ მიზანს. პირველ ეტაპზე ქუთაისში აიგება ადრონული თერაპიის ცენტრი ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლით, რომელსაც ექნება როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ისე სამედიცინო დანიშნულება. ამ მიზნით უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ამაჩქარებლების მწარმოებელ საერთაშორისო კონცერნ „აიბიეისთან“ (IBA), რომელიც მსოფლიო ლიდერია ამ დარგში.

ამავე დროს თბილისში, კერძოდ დიღომში არსებულ ცენტრში მიმდინარეობს თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო სამეცნიერო ინსტიტუტების კლასტერის მოწყობა. ორივე ცენტრის მიზანია შესაბამისი კადრების მომზადება და ქართველი მეცნიერების ახალი თაობის აღზრდა. პროექტის განხორციელების მეორე ეტაპზე მოხდება დიდი ამაჩქარებლის - სინქროტრონის შექმნა, რომელიც სრულიად ახალ დონეზე აიყვანს ქართულ მეცნიერებას და შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, გახდეს ევროპისა და მსოფლიოს ინტელექტუალური სივრცის სრულფასოვანი ნაწილი.

ამრიგად, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი მოიცავს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის საერთაშორისო კვლევით ტექნოლოგიურ ცენტრს და ჯანდაცვის საერთაშორისო ცენტრს, რომელთაც დღეს საქართველოში ანალოგი არ გააჩნია და ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია.

განსაკუთრებულად მინდა გავუსვა ხაზი, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს, ხოლო აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის კრიტერიუმები მთლიანად განისაზღვრება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად.

აღვნიშნავ იმასაც, რომ ფონდი „ქართუ“ დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა მესაკუთრედ საუნივერსიტეტო კომპლექსისა, რომელიც ვინმეს საკუთრება კი არ იქნება, არამედ იქნება სახელმწიფო უნივერსიტეტი და მთელი ქვეყნის საკუთრება.

ჩვენ ვხედავთ, რომ 21-ე საუკუნე იქნება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ელვის სისწრაფით განვითარების ხანა. მსოფლიო ყოველდღიურად და ყოველწლიურად იცვლება. ამის საფუძველია ცოდნა და განათლება. ჩვენმა წინაპრებმა გარჯით და ბრძოლით შეინარჩუნეს და დაგვიტოვეს ეს მშვენიერი ქვეყანა. დღეს საქართველოს წინაშე მდგარი უმთავრესი ამოცანაა, ფეხი აუწყოს და არ ჩამორჩეს მსოფლიოში მიმდინარე სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროცესს. ჩვენ გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც სჭირდებათ სათანადო პირობები და ადგილი, სადაც ეს ნიჭი და შესაძლებლობები რეალიზდება. სწორედ ეს არის მთავარი მიზანი, რის გამოც ვაარსებთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით და ინფრასტრუქტურით აღჭურვილ საუნივერსიტეტო ქალაქს ქუთაისში, საგანმანათლებლო კომპლექსს, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის გზამკვლევი ტექნოლოგიური აფეთქების ეპოქაში“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]