გეწაძის თქმით, მის საქმიანობაში ჩარევას და ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
„დღეს რომ მოქმედებდეს ის კანონმდებლობა, რაც მაშინ იყო, იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი, ვინაიდან, ის იყო სამართლებრივად სწორი და კონსტიტუციასთან და სხვა კანონებთან შესაბამისი.
მე ყოველთვის ვხელმძღვანელობ სამართლის ნორმებითა და პრინციპებით. არავითარი ზეწოლა არ ყოფილა.
ზეწოლა რომ ყოფილიყო ხვედელიძეს [ბიძინა ივანიშვილის მეუღლე] დავუკმაყოფილებდი სარჩელს?“ – აღნიშნა შოთა გეწაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
კითხვაზე, ამ გადაწყვეტილების გამო, გრძნობს თუ არა მორალურ დისკომფორტს, გეწაძემ უპასუხა: „ძალიან უხერხული შეკითხვაა, განსაკუთრებით, მოსამართლისთვის. მე არც კი ვიცი, რა უნდა გიპასუხოთ. როგორ შეიძლება მოსამართლე ფიქრობდეს, რომ დღესაც კი, იმ კანონმდებლობის პირობებში, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა და თან დაგეთანხმოთ მორალურ დისკომფორტში. შეუძლებელია ამაზე ერთმნიშვნელოვანი და ვინმესთვის მოსაწონი პასუხის გაცემა“.
„იყო ასეთი ვითარება, მოსარჩელე ივანიშვილსა და მოსარჩელე ხვედელიძეს, ორივეს გააჩნდათ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. მოსარჩელე ხვედელიძეს ასევე გააჩნდა საფრანგეთის მოქალაქეობა. შემდგომში მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, რომ მიენიჭებინა მათთვის საქართველოს მოქალაქეობა. განაცხადში ორივე მოსარჩელის შემთხვევაში დაფიქსირდა, რომ არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. პრეზიდენტმა ორივეს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. წლების შემდეგ, 2011 წელს პრეზიდენტმა ორივეს შეუწყვიტა მოქალაქეობა. მოსარჩელე ივანიშვილს იმ საფუძვლით, რომ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ მან მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. მაშინდელი კონსტიტუციური ჩანაწერით და ასევე, ორგანული კანონით მოქალაქეობის შესახებ, თუ საქართველოს მოქალაქე შემდგომში მიიღებს უცხო ქვეყნის მოქალაქეობას, მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. ზუსტად ეს იყო მაშინ სახეზე“, – განმარტა მოსამართლეობის კანდიდატმა.
2011 წლის ოქტომბერში, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას და მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს მოქალაქეობა ჩამოართვა. ივანიშვილმა და ხვედელიძემ სასამართლოში იჩივლეს. შოთა გეწაძემ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე იყო, მიიჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილს ივანიშვილთან მიმართებაში უკანონო გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული.
შოთა გეწაძე 2015 წლის დეკემბრიდან დღემდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა.