weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

200%-ით ვენდობი გენერალურ პროკურატურას, მადლობა რომ გამომკითხეს – დიმიტრი გაბუნია

16:10 ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მოწმის სახით გამოკითხეს. როგორც დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა, პროკურატურას და გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს.

„დღევანდელი გამოკითხვის მერეც დამრჩა ეს განცდა, რომ გამოძიება დაინტერესებულია გამოავლინოს შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები და 200%-ით ვენდობი საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოძიებას. ჩემს ინტერესშია და მოვითხოვე კიდეც, რომ გამოვეკითხე და დიდი მადლობა ამისთვის გამოძიებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება დეტალურად, უმოკლეს ვადებში დადებს დასკვნას და თუ შესაძლო დანაშაულში მხილებული პირები გამოიკვეთნენ, ისინი უნდა დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით. უნდა დაიკითხოს აბსოლუტურად ყველა პირი. აქვე ვაცხადებ,

როგორც კი დამთავრდება ეს გამოძიება, ყველა ის პირი, ვინც ჩემი სახელი და გვარი გარია ამ ბინძურ ცილისწამებაში, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში გაუთქმელობის პირობა ჩამოართვეს, რის გამოც არ შეუძლია იმ საკითხებზე საუბარი, რითიც გამოძიება დაინტერესდა.

„მე დავიკითხე მოწმის სახით, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით და დეტალურად მივაწოდე გამოძიებას ინფორმაცია, რაც მე მქონდა. რაც შეეხება გამოძიების შეკითხვებს და დეტალებს, მე მოვაწერე ხელი გაუთქმელობის ხელწერილს და არ მაქვს უფლება მოგახსენოთ, კონკრეტულად რა პასუხები გავეცი. ის, რაზეც მე ვილაპარაკე რამდენიმე დღის წინ, ბუნებრივია, განხილვის საგანი იქნებოდა. დანარჩენი არის ძიების საგანი“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის იყო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი.

გენერალური პროკურატურა მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს. აღნიშნული მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]