weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა – ზურაბიშვილი

21:26 ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. თავის გამოსვლაში ის რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციასაც შეეხო და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტი, დღეს მე აქ ვსაუბრობ იმ ადამიანების გაჭირვებაზე, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვართან ცხოვრობენ. ცხოვრობენ იმ ზოლზე, რომელიც ნათესავებს ერთმანეთს აშორებს და სოფლებს ხლეჩს, სადაც უბედური შემთხვევები და პროვოკაციები ყოველდღური ცხოვრების ნაწილია, სადაც აქტიურად მიმდინარეობს საზღვრების გადაწევა, რაც შეუძლებელს ქმნის ნორმალურ მშვიდობიან ცხოვრებას. მე ვსაუბრობ ჩვენი მოქალაქეების სახელით, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, სადაც მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები, იზღუდება გადაადგილების თავისუფლება, ჯანმრთელობისა და განათლების მომსახურების ხელმისაწვდომობა.

 ორივე რეგიონის საზღვრებზე განთავსებული გამშვები პუნქტები პერიოდულად იკეტება, რაც ადამიანების ტანჯვას იწვევს.

ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენა (რომელიც აღარებულია საქართველოს კონსტიტუციის მიერ), და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა, აფხაზი ერის დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულად არის შემცირებული.

აფხაზური ენის, იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვა სამყაროსათვის აღუვსებელი დანაკლისი იქნება. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა დავიცვათ და გადავარჩინოთ ეს მდიდარი კულტურული მრავალფეროვნება, რის გამოც არაბები კავკასიას „ენათა მთად“ მოიხსენიებდნენ. მე ვსაუბრობ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახელით, რომლებიც უკვე ათწლეულების მანძილზე ვერ უბრუნდებიან მამიპაპისეულ სახლებსა და მიწა-წყალს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო პატივს სცემს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს.

„ომის ტრაგედიაზე ჩვენი პასუხი მრავალ კომპონენტს ითვალისწინებს: ჩვენი პასუხი ითვალისწინებდა ამ პერიოდის განმავლობაში მშვიდობის შენარჩუნებასა და განვითარების უზრუნველყოფას; ეს ყოველივე მიღწეული იყო იმის შედეგად, რომ ჩვენ ვასრულებთ გაცემულ პირობას და პატივს ვცემთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს; შესაბამისად, საოკუპაციო ხაზის მახლობლად არანაირი სამხედრო ძალები არ გვყავს განთავსებული. აგრეთვე საქართველომ ცალმხრივად თქვა უარი ძალის გამოყენებაზე.

ჩვენი პასუხი იყო გაწვდილი ხელი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რაც საშუალებას აძლევს ოკუპირებული ტერიტორიების მოქალაქეებს, (იმ შემთხვევებში, როდესაც მათ ხელს არ უშლიან და არ უკრძალავენ) ხელი მიუწვდებოდეთ ჯანდაცვისა და განათლების სისტემების შეღავათებზე, ისარგებლონ ბიზნეს შესაძლებლობებით და მონაწილეობა მიიღონ, თუნდაც არაპირდაპირ, (თუნდაც მინიმალური) საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში.

ჩვენი პასუხი ღიაობასა და ტოლერანტობას გულისხმობს. გასულ წელს ჩვენ 1 500 000 რუსი ტურისტი მივიღეთ და არც ერთი ინციდენტი არ დაფიქსირებულა. ჩვენი პასუხი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ჩვენს მიერ დასახულ გზაზე წინსვლას გულისხმობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]