weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შეწყალებულთა სიის ავტორია ერთადერთი ადამიანი, ეს არის პრეზიდენტი – ზურაბიშვილი

13:45 შაბათი, 28 სექტემბერი 2019

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შესაწყალებელ პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„მივიღე გადაწყვეტილება ჩემით. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ არის ახალი სასამართლო, რომელიც ექვემდებარება რაღაც ობიექტურ კრიტერიუმებს. ეს არის შეფასება ერთი ადამიანის მიერ, რომელიც არის პრეზიდენტი და რომელსაც აქვს ეს უფლება, რომ შეაფასოს გარემოებები და არა ახალი სასამართლო გამართოს. ეს არის ცნებების არევა. კიდევ ერთხელ ძალიან ხაზგასმით ვიტყვი - ეს არ არის ვინმეს გამართლება და საერთოდ, შეწყალება ეხება არა ანგელოზებს, არამედ დამნაშავე პირებს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, შეწყალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც სრულად ენდობა.

„ახალი სათქმელი არაფერი არ მაქვს.

სიის ავტორი არის ერთადერთი ადამიანი, ეს არის პრეზიდენტი, რომელიც ირჩევს ყველა იმ საქმეებიდან, თავისი სუბიექტური შეფასებებიდან გამომდინარე ვინ უნდა იყოს.

კიდევ ერთხელ: არცერთი ადამიანი, რომელიც არის შეწყალებული ანგელოზი არ არის, არცერთი არ არის ჩემს მიერ გამართლებული. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ რაღაც გარემოებებში, რომლებიც მე ჩავთვალე რომ შეიძლებოდა შემეწყალებინა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

რაც შეეხება პატიმართა შეწყალებაზე გამოცხადებულ მორატორიუმს, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა არ არსებობს უფლება იყო შეწყალებული: „მორატორიუმი არ არის არავის უფლებების ამ კუთხით დარღვევა. ეს არის ფრთხილი გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, რაც მოხდა საზოგადოებაში ამ კუთხით“.

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის იყო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი. გენერალური პროკურატურა მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით აწარმოებს. აღნიშნული მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]