weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შსს-მ ჩალაგაშვილის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა – სასამართლო გადაიდო

15:44 სამშაბათი, 01 ოქტომბერი 2019

ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დაფუძნებული პარტიის – „გამარჯვებული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი გურამ ჩალაგაშვილი, რომელიც წვრილმანი ხულიგნობისთვის გვიან ღამით დააკავეს, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, სასამარლო პროცესი გადაიდო.

გურამ ჩალაგაშვილი თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე წუხელ, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შსს-ს განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს, რა დროსაც მგზავრმა, გურამ ჩალაგაშვილმა „სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს“.

სასამართლო სხდომაზე შს სამინისტროს იურისტმა განაცხადა, რომ დაკავებამდე ჩალაგაშვილი ზოგადად საქართველოს მთავრობას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

„შემდეგ კი, ბატონ პრემიერ-მინისტრს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და იგინებოდა მისი მისამართით.

აღნიშნული სამართალდარღვევა, მიუხედავად იმისა, რომ ის ავტომანქანაში იჯდა, მინა იყო ჩაწეული, გარეთ მყოფმა რამდენიმე პიროვნებამ გაიგო, ასევე, კორპუსიდან იყურებოდა მეზობელი, იმიტომ, რომ საკმაოდ ხმამაღლა აყენებდა შეურაცხყოფას საქართველოს მთავრობას და ბატონ პრემიერ-მინისტრს.

შემდეგ გადმოვიდა კიდეც ავტომანქანიდან და აგრძელებდა ამ მოქმედებას“, – განაცხადა შსს-ს იურისტმა ეკა ბუაძემ.

თავად გურამ ჩალაგაშვილი დაკავებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ მისი შეშინება სურდათ.

„საპატრულო პოლიციამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, ანუ კამერის ჩანაწერი. ტექნიკური პრობლემა ჰქონია შინაგან საქმეთა სამინისტროს. შემიძლია ერთი რამ ვთქვა - ეს ყველაფერი არის ფარსი, ის, რომ ჩალაგაშვილი შეეშინებინათ. მინდა მოსახლეობას ვითხრა ასეთი რამ: თუ საკუთარ მანქანაში უკანა სავარძელზე იჯდებით და მოინდომებთ სიმართლის თქმას, რომ ბიძინა ივანიშვილი სისხლის მსმელია და მას აუგად მოიხსენიებთ, 50 მეტრში მდგარ კორპუსში მესამე სართულზე ვიღაც გაიგებს ამ ხმას, გაიღვიძებს შეწუხდება და იტყვის, რომ დამნაშავე ხარ. ეს არის დღევანდლი სამართალი“, – განაცხადა სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ჩალაგაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გურამ ჩალაგაშვილს ედავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

კოდექსის მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – იწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]