„რისკები უნდა ვმართოთ, როგორც ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში და როდესაც დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფრენების აღდგენა მიეხმარება როგორც ტურიზმს, ასევე, ასობით, ათასობით ქართველს, რომელსაც მობილობაში გარკვეული პრობლემები ექმნებოდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების შესრულება 8 ივლისიდან აეკრძალათ. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა 21 ივლისს, თბილისში ანტისაოკუპაციო გამოსვლების დაწყებიდან მეორე დღეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა იყო მასსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანს შორის ნიუ-იორკში, 26 სექტემბერს შემდგარი შეხვედრის ერთ-ერთი თემა. ლავროვის თქმით, ის მხარს დაუჭერდა პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, თუ საქართველოს ხელმძღვანელობა შეძლებს, ხელი შეუწყოს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას და ყურადღებას არ მიაქცევს „რუსოფობებს“, რომლებსაც, ლავროვის აზრით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყენებს „რეჟიმთან საბრძოლველად“.