weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეკონომიკის სამინისტრო: ცენტრალურ აპარატში საშუალო ხელფასი 2244 ლარია და არა 5729

21:20 პარასკევი, 04 ოქტომბერი 2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) კვლევას, რომლის თანახმადაც, 2018 წელს აღნიშნული სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საშუალო ანაზღაურება 5729 ლარი იყო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, TI-ის მიერ წარმოდგენილი მონაცემები მცდარია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

„ორგანიზაციის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაში წერია, რომ შედარებულ იქნა კანონის „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ მიღებამდე და მიღების შემდეგ ერთი თვის სახელფასო ანაზღაურება და შედარებულ იქნა 2017 წლის დეკემბერი 2018 წლის დეკემბერთან. ამასთან, კვლევის ავტორებს არ უხსენებიათ, რომ 2018 წლის დეკემბერში ბევრ საჯარო უწყებაში, მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, კანონით გათვალისწინებული ზღვარის ფარგლებში, განხორციელდა ზეგანაკვეთურად მუშაობისთვის ანაზღაურება და წამახალისებელი ფულადი სარგებლის გაცემა, რამაც ცალკე აღებულ თვეში (2018 წლის დეკემბერი) ერთჯერადად გაზარდა სამინისტროს თანამშრომლებზე გაცემული ანაზღაურების ოდენობა.

ობიექტური მკვლევარი ამ გარემოებას აუცილებლად მიუთითებდა ან საანგარიშოდ რომელიმე სხვა თვეს აიღებდა, რომელიც უფრო ზუსტად ასახავს სახელფასო ანაზღაურების რეალურ ოდენობას. შედეგად, 2018 წლის ნოემბერში და ზოგადად 2018 წლის საშუალო ხელფასი გაცილებით ნაკლები იქნებოდა ცალკე აღებული 2018 წლის დეკემბრის საშუალო ხელფასთან“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროში განმარტავენ, რომ 2018 წელს, უწყების ცენტრალურ აპარატში შრომის საშუალო ანაზღაურება შეადგენდა 2244 ლარს, ნაცვლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ დასახელებული 5729 ლარისა.

„ორგანიზაციის ანალიზში ასევე არასწორად არის წარმოდგენილი მედიანური შრომის ანაზღაურება, რომელმაც 2018 წელს სამინისტროში 1 804 ლარი შეადგინა და არა - 4 200 ლარი, როგორც ეს ორგანიზაციის კვლევაშია ასახული. შესაბამისად, სხვაობა საშუალო და მედიანურ შრომის ანაზღაურებას შორის 2017 წელს 28.3%-ს, ხოლო 2018 წელს 21.7%-ს შეადგენდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ დასახელებული მონაცემები კი 26.5% და 30.8%-ია. ამდენად, რეალურად სხვაობა არათუ გაიზარდა, არამედ შემცირდა კიდეც“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსგან“ მოითხოვს, „გააკეთოს სათანადო განმარტება კვლევის თაობაზე და საჯაროდ აღიაროს შეცდომის შესახებ“.

„გარდა ამისა, აუცილებელია, აღნიშნული ასევე გამოქვეყნდეს იმ მედიასაშუალებებში, რომლებმაც ხელი შეუწყო ამ ცრუ და არაზუსტი ინფორმაციის ტირაჟირებას“, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]